"90-იან წლებში საქართველოში შენახული საბჭოთა სტრატეგიული მარაგები გაიხსნა, მაგრამ იმ განუკითხაობის დროს ვიღაცამ ხელი მოითბო - როგორც სხვა ქვეყნის ჰუმანიტარულ დახმარებებს, ისე ყიდდნენ, ნაცვლად იმისა, დაერიგებინათ"
სტრატეგიული მარაგის შექმნას დიდი ხნის ისტორია აქვს. მისი შექმნა-განკარგვა ქვეყნის მართვის ხელოვნებაა. ბევრ განვითარებულ ქვეყანას აქვს სტრატეგიული მარაგი, რომელიც ასეულობით დასახელების პროდუქტს მოიცავს. გვაქვს თუ არა საქართველოში საგანგებო შემთხვევისთვის სტრატეგიული მარაგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა განგვიმარტავს:
"სტრატეგიულ მარაგებს მიეკუთვნება საქონელი, რომელიც ინახება სტრატეგიული მიზნებისა და საგანგებო შემთხვევებისათვის, საქონელი, რომელსაც ინახავენ ბაზრის მარეგულირებელი ორგანოები, და საქონელი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნისთვის. მაგალითად, ხორბალი და ნავთობი", - ასეა განმარტებული სტრატეგიული მარაგი ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ (2008 წ.).
განვითარებული ქვეყნები, რომლებსაც აქვთ მატერიალური შესაძლებლობა, აუცილებლად ქმნიან სტრატეგიულ მარაგებს შესაძლო სტიქიური უბედურებების, ეკონომიკური კრიზისის თუ საომარი მოქმედებების დროს გამოსაყენებლად. საქართველოში კი სავალალო მდგომარეობაა - როგორც უღარიბეს ქვეყანას, ამის ფინანსური შესაძლებლობა არა აქვს და არც ფიქრობს მის შექმნაზე. დამოკიდებულება ასეთია: "თუ გაგვიჭირდა, აშშ დაგვეხმარება!"
- რატომ გგონიათ, რომ მთავრობა არ ფიქრობს მარაგების შექმნაზე?
- ამაზე ის გარემოება მეტყველებს, რომ მთავრობამ სტრატეგიული მარაგების შექმნა კერძო ფირმებს გადააბარა. მაგალითად, მეხორბლეებმა რამდენიმე წლის წინ დამატებითი ღირებულების გადასახადზე შეღავათი მოითხოვეს და სამაგიეროდ დაჰპირდნენ მთავრობას, რომ ხორბლის 1 თვის სტრატეგიულ მარაგს დააგროვებდნენ. სახელმწიფომაც ხელი დაიბანა. არც ერთ ქვეყანაში არ ქმნის სტრატეგიულ მარაგებს კერძო ბიზნესი, ის სახელმწიფოს ხელშია!იგივე ითქმის გაზის მარაგზეც. მიზანშეწონილია, რომ გვქონდეს 1 თვის მარაგი, თუმცა ამ მიმართულებითაც არასაკმარისი ინტენსივობით მიმდინარეობს მუშაობა...
მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზნად დასახულია ქვეყნის მოსახლეობის დაცვა მართვადი ინფექციებისგან და ამისთვის სტრატეგიული მარაგის შექმნა აუცილებელია. გამოდის, სახელმწიფომ შრატებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შექმნა თავად იკისრა, რასაც ერთადერთი მიზეზი აქვს - შრატები და ვაქცინები საქართველოში უფასოდ შემოდის და მთავრობას მხოლოდ მათი დაგროვება და საჭიროების შემთხვევაში განაწილება მოუწევს. ფაქტობრივად, სახელმწიფო არაფერს ხარჯავს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად!
ქვეყნის უსაფრთხოება როგორც ენერგეტიკული, ასევე სასურსათო და სხვა მიმართულებებით, პრაქტიკულად, ნულოვან დონეზეა. არადა, მსოფლიოში ახლა მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, "ცივი ომი" კი არა, უკვე "ყინულოვანი ომი" შეარქვეს იმას, რაც ხდება აშშ-სა და რუსეთს შორის. რუსეთი გამალებით ემზადება და დიდია ალბათობა, რომ საომარი ვითარება შეიქმნას ნატოს ქვეყნებსა და რუსეთს შორის.
- რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ჩვენზე?
- პირდაპირი! თუ დაიწყება საომარი მოქმედებები, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი და სხვები მყისვე შეწყვეტენ სურსათის იმპორტს საქართველოში და ვინაიდან ჩვენი ქვეყნის სასურსათო ბაზრის 80%-ს იმპორტი შეადგენს, შიმშილობა დაიწყება. საფრთხე სავსებით რეალურია, რაზეც უნდა იფიქროს მთავრობამ, სანამ ჯერ კიდევ არის დრო. ამაზე ზრუნვა დღესვე უნდა დავიწყოთ. იმედი იმისა, რომ ვიღაც დაგვეხმარება, ფუჭია.იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 4 ივნისის ნომერში