ირაკლი ღარიბაშვილი : ტრადიციული მეწარმეობა ყველა რეგიონში უნდა აღორძინდეს

სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლესაში, სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, სამუშაოები ივნისში დასრულდება, რის შემდეგაც რეაბილიტირებული არხები ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლების 400-მდე ჰექტარი მიწის ფართობს მოემსახურება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მელიორაცია სოფლის მეურნეობის განვითარების საკვანძო ელემენტს წარმოადგენს, რადგან მისი გარე შემოსავლიანობის ზრდა წარმოუდგენელია.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო სამელიორაციო კომპანიის მეშვეობით, ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო სამუშაოები ტარდება, რომლის შედეგადაც მხოლოდ 2014 წელს დამატებით გასარწყავებული იქნება 100 ათასამდე ჰექტარი მიწის ფართობი.

მთავრობის მეთაური სოფლის მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.

"ყველა რეგიონში ერთსა და იმავე პრობლემებს ვაწყდებით. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ხედვა, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები. წარმატებით ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით განათლების სისტემაში, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ყველა რეგიონში უნდა აღორძინდეს ტრადიციული მეწარმეობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.