ჩვენ თვითონ ვაპირებთ საჩივრის შეტანას, რომ გაფიცვისთვის უკანონო ხელის შეშლა ისეთივე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რაზეც საუბრობს ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე. ჩვენც ვაპირებთ ამ კუთხით თავის დაცვას , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მეტროპოლიტენის თანამშრომელთა იურისტმა ბექა ბადრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აქცია, რომელსაც თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მართავენ, ლეგიტიმურია.
"იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანების მიმართ შესაძლოა გარკვეული სამართლებრივი ქმედება გატარდეს, თითქოს იმ ლოგიკით, რომ გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ თვითონ ვაპირებთ საჩივრის შეტანას, რადგან გაფიცვისთვის უკანონო ხელის შეშლა ისეთივე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რაზეც საუბრობს ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე. ჩვენც ვაპირებთ ამ კუთხით თავის დაცვას", - განაცხადა ბექა ბადრიშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მემანქანეთა გაფიცვის თაობაზე იყო მიღებული, რომ მათ მხოლოდ არასამუშაო საათებში შეეძლოთ გაფიცვა, სამართლებრივ ლოგიკას აცდენილია.
"პირველ რიგში, 18 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტრანსპორტის სამსახურის შუამდგომლობა და მეტროში დასაქმებულ მემანქანეებს სამუშაო დღეების განმავლობაში შეეზღუდათ გაფიცვაში მონაწილეობის უფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა დანარჩენს, ვინც ამ პროფესიული კავშირის წევრია, თავისუფალია ამ უფლების რეალიზაციაში და იფიცება. რაც შეეხება მეტროს მემანქანეებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ამაზე ჩვენ 18 მაისს ვთქვით, რომ არის ყოვლად წარმოუდგენელი გადაწყვეტილება, რადგან აცდენილია ყველანაირ ფაქტობრივ და სამართლებრივ ლოგიკასა და მოცემულობას. სასამართლომ ამ ხალხს უთხრა, რომ სამუშაოსგან თავისუფალ საათებში შეუძლიათ გაიფიცონ. ხაზგასმით მინდა ყველამ იცოდეთ, ამ ადამიანებმა გაფიცვა გუშინ დაიწყეს, 15:00 საათზე, სამუშაოსგან თავისუფალ დროს. ამიტომ, ეს მეტყველებს, რომ ეს განჩინება არის სრულიად წარმოუდგენელი და დაუსაბუთებელი. ამათი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დააყენო იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი კანონს არღვევს", - განაცხადა ბადრიშვილმა.
შესაძლებელია, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, -ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ხმალაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს რა ღონისძიებები იქნება მეტროს მემანქანეების მიმართ გამოყენებული - დისციპლინური პასუხისმგებლობა თუ სამსახურიდან გათავისუფლება.