„მშპ-ს ზრდა მოსახლეობის ყველა ფენის კეთილდღეობის ზრდას არ ნიშნავს“ - რატომ იზრდება სოციალური უთანასწორობა

საქართველოში შემოსავლების უთანასწორობით ვითარება გაუარესდა. ეკონომისტების გათვლებით, უთანასწორობის მაჩვენებლით ევროპულ დონეს 2-ჯერ და მეტჯერაც ვუსწრებთ.

2017 წლის მონაცემებით, ჯინის კოეფიციენტმა 41 ნიშნულს უკვე მიაღწია, რაც მცირედით გაზრდილია წინა წელთან შედარებით. ამ დროს კი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ბოლო წლების მაქსიმუმზეა, აპრილში მშპ 6,5%-ით გაიზარდა.

„საქართველოში ეკონომიკა იზრდება, თუმცა ეს მოსახლეობაზე თანაბრად არ აისახება ყველა ფენაზე. მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის მდგომარეობა უმჯობესდება, გარკვეული ჯგუფებისთვის კი იგივე რჩება, ან უარესდება. შესაბამისად, მშპ-ს ზრდა მოსახლეობის ყველა ფენის კეთილდღეობის ზრდას არ ნიშნავს“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს ჯინის კოეფიციენტი 0,1-ით გაიზარდა და 41 ნიშნულს მიაღწია. ჯინის კოეფიციენტის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა გაზრდილია. ჯინის კოეფიციენტი გაზრდილია თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, 0,43-დან 0,45 ნიშნულამდე მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით, 0,46-დან 0,47-მდე მთლიანი ფულადი ხარჯების მიხედვით.

სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები აბსოლუტურად არაერთგვაროვანია, ზოგ დარგში მოხდა ზრდა, ზოგან კი, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, შემცირდა. „თუმცა, იმის გამო, რომ იგივე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ამ დარგში შექმნილი დამატებითი ღირებულების შემცირება, პირდაპირ აისახება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებსა და კეთილდღეობაზე. ანუ, იმ ადამიანებზე ვისი შემოსავლების დიდი ნაწილიც აგრაგული სექტორიდან, კერძოდ, სოფლის მეურნელობით ყალიბდება“,-აცხადებს სოსო არჩვაძე.

მისივე თქმით, საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია: „იმისთვის, რომ ქვეყანაში სოციალური სტაბილურობა გვქონდეს, ანუ, შემოსავლების მხრივ მდიდრებსა და ღარიბებს შორის ამხელა განსხვავება არ იყოს, ეს კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს არაუმეტეს, 28-32-ს.“,-აცხადებს სოსო არჩვაძე.

რაც შეეხება მსოფლიო ტრენდს, სტატისტიკოსი ამბობს, რომ შემოსავლების მიხედვით პოლარიზაცია მსოფლიოშიც იზრდება.

„მსოფლიოში დოვლათი, ანუ გლობალური დამატებითი ღირებულების მოცულობა იზრდება, მაგრამ ეს ზრდა მაღალშემოსავლიანი კატეგორისთვის უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე დაბალ შემოსავლიანებისთვის. შესაბამისად, მსოფლიოში შემოსავლების მიხედვით პოლარიზაცია არა თუ მცირდება, პირიქით, იზრდება. ზოგადი ტრენდია ეს. თუმცა, რა თქმა უნდა, მსოფლიო ყველა ქვეყანას არ ეხება. მაგალითად, ევროპაში ასეთი მდგომარეობა შედარებით ნაკლებადაა, ეს უფრო მეტად ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე, ლათინო ამერიკასა და აზიის ზოგიერთ სახელმწიფოში შეიმჩნევა. ჩვენ მართალია ევროპული ორინტაციის ქვეყანა ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მხრივ სოციალური თანასწორობის დამკვიდრების, შედარებით მოკრძალებული წარმატებები გვაქვს.

„მაგალითად, გერმანიასთან შედარებით, ჩვენთან მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა შემოსავლებისა და ხარჯების მიხედვით, დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალია. ამიტომ, საჭიროა სხვა დამატებითი ღონისძიებები, რომელიც აღნიშნულ გარემოებას უკეთესობისკენ შეცვლის“,-აცხადებს სოსო არჩვაძე.

კითხვაზე, თუ რა არის გამოსავლი, სტატისტიკოსი ამბობს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა და დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა.

„საერთოდ, ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვის მთავარი ბერკეტი თავად ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი შრომითი საქმიანობით, თავიანთი კეთილდღეობის უზრუნველყოფა. იაპონური გამოთქმაა ასეთი, არ არის საჭირო ყოველდღიურად ვაძლიოთ თევზი გაჭირვეულს, საჭიროა, მათ ანკესი მივცეთ და თევზაობა ვასწავლოთ. ესაა გამოსავალი. ვგულისხმობ, სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესის წამოწყების სიმარტივეს, გარკვეული სამართლებრივ და საგადასახადო დახმარებას ე.წ სტარტაპების განხორციელებისას და ა.შ. ეს იქნება ისეთი ძლიერი სტიმული, რომ არათუ შეაჩერებს ქვეყნიდან მიგრაციას, არამედ, პირიქით, მათაც გაუჩენს მოტივაციას, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში და საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და კაპირტალი ჩადონ საქართველოს საერთო ეკონომიკური სიძლიერის მატებაში“,-აცხადებს სოსო არჩვაძე.

ცნობისათვის, ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომელიც იტალიელმა მათემატიკოსმა კორადო ჯინიმ 1914 წელს შეიმუშავა. დღესათვის ეს განაწილების უთანასწორობის გაზომვის ყველაზე ადეკვატური საშუალებაა, სადაც ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 100 კი, უთანასწოროს. აღნიშნული ფორმულა ძირითადად ქვეყნებში ფულის განაწილების გასაზომად გამოიყენება.

ნინი ქეთელაური