შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2013 წელს 111 მილიონი ლარის სესხი გაიცა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2013 წელს სულ 111 873 523 ლარის ოდენობის სესხი გაიცა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის განკუთვნილი შეღავათიანი აგრო კრედიტით 5 685-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის არაუმეტეს 8 %-იანია და ის 5000-დან 100 000 ლარამდე მოცულობისაა.

ამასთან, მცირე ფერმერებისთვის განკუთვნილი უპროცენტო სასაქონლო კრედიტით (განვადებით) 2 686 ბენეფიციარზე სულ 1 106 817 ლარის ოდენობის სასაქონლო განვადება გაიცა. უპროცენტო განვადება 6-თვიან პერიოდზე მოქმედებს, მისი მაქსიმალური თანხა კი 5 000 ლარს შეადგენს.

ასევე 366-მა ბენეფიციარმა ისარგებლა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის განკუთვნილი შეღავათიანი აგრო კრედიტით და მის ფარგლებში სულ 42 843 283 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გაიცა. სესხის მინიმალური თანხა ამ შემთხვევაში შეადგენს 30 000 აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური 600 000 აშშ დოლარს და გაიცემა არაუმეტეს 84 თვით. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სესხის მოცულობაზე და არ აღემატება 15 %-ს, საიდანაც 12 %-ს ფარავს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

ამ კომპონენტის ფარგლებში 400-ზე მეტი საწარმო დაფინანსდა. ასევე განხორციელდა აღნიშნული საწარმოების გადაიარაღება, გაფართოება და წარმოების გაზრდის ხელშეწყობა. ამავე კომპონენტის ფარგლებში 74 ახალი საწარმოც შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სესხი გაცემულია კახეთის რეგიონში.

სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს განაგრძობს. მაისის მდგომარეობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 400 მლნ ლარამდე ოდენობის 17 ათასი სესხია გაცემული.