სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017 წელს სამართალდამცავ ორგანოებში - 11, ხოლო 2018 წლის პირველ კვარტალში - 24 აუდიტის მასალა გადაგზავნა.
აუდიტის სამსახურმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა, სადაც წერია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ საგამოძიებო პროცედურები ყველა ანგარიშთან დაკავშირებით დაიწყო.
ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს სამართალდამცავ ორგანოებში შემდეგი ანგარიშები შევიდა: - საქართველოს რკინიგზის 2015 წლის შესაბამისობის აუდიტი; საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის 2015 წლის შესაბამისობის აუდიტი; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტი; ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შემოსავლების სამსახურის 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტი; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - “თბილისი 2015-ის“ საორგანიზაციო კომიტეტის შესაბამისობის აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი; 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი; სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 2014-2015 წლებში განხორციელებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი; “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ ქვეპროგრამის 2012-2015 წლის 1 ივლისამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტი.
“აუდიტების ფარგლებში ხშირად ისეთი დარღვევები ვლინდება, რომლებიც შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ასეთი ტიპის დარღვევების გამოძიების უფლებამოსილება არ გააჩნია, აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი კონკრეტული საკითხები დეტალური განხილვისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა. შესაბამისად, აუდიტის სამსახურისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკიცია, როგორც რისკის შემცველი ანგარიშების გადაგზავნის, ასევე გადაგზავნილ საკითხებზე რეაგირების მუდმივი მონიტორინგის კუთხით“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის საანგარიშო დოკუმენტში.