ქართული ნატურალური ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია ”ჩირიფრუტი” თურქეთში ექსპორტზე გასასვლელად ემზადება.
კერძოდ კომპანიის მიერ წარმოებული რამდენიმე პროდუქტი სტამბოლის აეროპორტში გაიყიდება.
როგორც კომპანია „ჩირიფრუტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოფო ჯიქიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, შემოთავაზება თავად თურქეთისგან მიიღეს და ზაფხულისთვის ქართულ პროდუქტს სტამბოლის „დუტი ფრიში“ ვიხილავთ.
„ამ კუთხით გამოცდილება უკვე გვაქვს. ჩვენი პროდუქტები უკვე იყიდება თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში. თავად მათგან მივიღებთ შემოთავაზება, რომ ჩვენი პროდუქტი სტამბოლშიც გაყიდულიყო.
პირველ ეტაპზე საცდელად ალბათ, რამდენიმე სახეობას გავიტანთ. ჩვენი პატარა საწარმოა და ბევრ სახეობას ვერ გავიტანთ, რადგან მიწოდებას სრულყოფილად ვერ ვუზრუნველყოფთ. მათი მხრიდან შემოთავაზება მეტი იყო, თუმცა ჩვენი 5 სახეობა შევთავაზეთ. ეტაპობრივად რაოდენობას გავზრდით, მთავარია გამოვიდეს. ვაპირებთ გავიტანოთ: ფორთოხალი შოკოლადში, ჩურჩხელის ფორმის თხილი შოკოლადში ამოვლებული, მონეტები და ფინიკი თხილით.“ - აღნიშნა ჯიქიამ.
როგორც ჯიქიამ განაცხადა, ამ ეტაპზე „ჩირიფრუტის“ პროდუქტი „თბილისის გალერიაში“ იყიდება, სადაც ცალკე საკუთარი კუთხე აქვთ გახსნილი და ასევე კარფურშია წარმოდგენილი.
„ქართველ მომხმარებელს ყველაზე მეტად ტყლაპი მოსწონს, რომელიც შერეული ხილისგან მზადდება - ქლიავი, ვაშლი, ტყემალი, ალუბალი. ხილის მიქსისგან მზადდება. მინდა გითხრათ, რომ ყოველწიურად ბრუნვა 100 პროცენტით იზრდება“ - განაცხადა ჯიქიამ.
„ჩირიფრუტი“ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის), შერეული ხილის ტყლაპს, ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს. მთლიანად კომპანია 15-მდე სახეობის ჩირსა და კანფეტებს აწარმოებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომავალაში სახეობის გაზრდას არ აპირებენ, თუმცა რაოდენობის გაზრდაზე ფიქრობენ.
ლიკა ამირაშვილი