ანაკლიაში საერთაშორისო ბიზნესფორუმი გაიხსნა

ანაკლიაში საერთაშორისო ბიზნესფორუმი "ანაკლია 2014" გაიხსნა.

ფორუმზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ ბიზნესმენებს დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წამოწყებულ პროექტზე "აწარმოე საქართველოში" გაამახვილა, რომელიც 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება და განაცხადა, რომ აღნიშნული ახალი პროექტით საქართველოში საშუალება იქმნება სახელმწიფოს მაქსიმალური ხელშეწყობით ისეთი დარგების განვითარება მოხდეს, როგორიცაა მეთხილეობა, რძის გადამუშავება, მეცხოველეობა და ა.შ. შალვა ფიფიამ აღნიშნულ კონტექსტში უშუალოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების კუთხით არსებულ გეგმებზეც ისაუბრა.

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში სოფლის მეურნეობამ ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს. მთავრობა სწორედ შედეგზე ორიენტირებულ, უპრეცენდენტო პროექტებს ახორციელებს, რომლითაც დარგის განვითარება უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი", - განუცხადა შალვა ფიფიამ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება თავად ბიზნესფორუმს, მისი მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა სწრაფად მზარდ სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნესპარტნიორების მოძიება და პოტენციური ინვესტორების უკეთ ინფორმირება. ღონისძიების ფორმატი ასევე ითვალისწინებს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის რეგიონის ეკონომიკის განვითარების მთავარ საკითხებზე დისკუსიის გამართვას.

ფორუმი ორდღიანია და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბიზნესმენები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.