ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ბიზნეს სექტორს გააცნობენ

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი 6 ივნისს, ბიზნეს-სექტორს წარუდგენს მთავრობის ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ღონისძიების თანაორგანიზატორია ასევე აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გახსნიან. ღონისძიების მიზანი ბიზნეს-სექტორისთვის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის (რომლებიც ეწევიან ბიზნეს-საქმიანობას) ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აფხაზეთის ა/რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.