გიორგი კვირიკაშვილი:  საქართველო ინვესტორებს ლიბერალურ ბიზნეს-გარემოს სთავაზობს

საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი "ანაკლია 2014"  დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს-ფორუმზე განხილული იქნება დღეისთვის არსებული აქტუალური და საინტერესო პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ახალი ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების დამყარებასა და რეგიონში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.

,,ჩვენი მთავრობის მიზანია, ანაკლიაში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. რაც, თავის მხრივ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის. საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ლიბერალურ ბიზნეს-გარემოს და ღია საინვესტიციო პოლიტიკას, რომელიც მხარდაჭერილია ასევე ლიბერალური საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკით და მათი ეფექტური ადმინისტრირებით, ბიზნესზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისებით. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და, კიდევ უფრო მეტად, ხელსაყრელი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შექმნა წარმოადგენს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ორი დღის განმავლობაში ფორუმის მომხსენებლები მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და კერძო სექტორების წარმომადგენლები იქნებიან.

ფორუმის ჩატარების მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სხვადასხვა სწრაფად მზარდ სექტორებში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნეს პარტნიორების მოძიება და პოტენციური ინვესტორების ინფორმირება. ღონისძიების ფორმატი, ასევე, ითვალისწინებს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის რეგიონის ეკონომიკის განვითარების მთავარ საკითხებზე ღია დისკუსიის გამართვას.

ორდღიან ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას 300-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბიზნესის წარმომადგენლები, არსებული და პოტენციური ინვესტორები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებენ. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ადგილზე გაეცნონ სამეგრელოსა და ზემო სვანეთში არსებულ ბიზნეს-გარემოს და ინვესტირების შესაძლებლობებს, მიიღონ ინფორმაცია რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ და B2B ფორმატში გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.