ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში იქმნება სარეზერვო ფონდები, რომლებიც გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება.
თავისი არსიდან გამომდინარე, სარეზერვო ფონდების რესურსები ძირითადად ფორს-მაჟორულ სიტუაციებზე უნდა იხარჯებოდეს, მაგალითად, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.
თუმცა, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის შემთხვევაში, 2013-2017 წლებში, იგივე მოცულობის თანხა დაიხარჯა ღონისძიებების ჩატარებაზე, რაც ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე.
ასევე, მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან ხშირად თანხები გამოიყოფა საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დასაფარად კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე, რაც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული ხარჯების სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობას.
IDFI-მ შეისწავლა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის პრაქტიკა (2013 წლიდან) და გამოავლინა რიგი პრობლემები - კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერები შეუზღუდავ საშუალებას აძლევს ხელისუფლებას სარეზერვო ფონდების განკარგვისთვის.
ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემა და გაუმჭვირვალე ხარჯვის რისკები
ძირითადი მიგნებები
2013 წლიდან 2017 წლამდე, ჯამში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 595 მლნ ლარზე მეტი. ამ პერიოდში, ყველაზე მეტი თანხა გაიცა 2016 წელს - 172 მლნ ლარზე მეტი (იხ. გრაფიკი #1).
ამასთანავე, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა დაგეგმილთან შედარებით იზრდებოდა მინიმუმ 80%-ით (იხ. გრაფიკი #2). მთავრობის სარეზერვო ფონდის შევსება ხდებოდა სხვადასხვა გზით, მათ შორის:
- საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე;
- ტენდერებიდან წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე;
- საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე;
- ბიუჯეტში სხვადასხვა კატეგორიის ასიგნებების შემცირების ხარჯზე.
მონაცემების დამუშავების შედეგად ჩანს, რომ წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდის საგრძნობი ნაწილი იხარჯებოდა არა ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე, ისევე როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დაფარვაზე.
თემატური თვალსაზრისით, ყველაზე მეტი თანხა გაიცა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად - 155 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 26,17%). თუმცა, ამ კატეგორიას მცირედით ჩამორჩება ღონისძიებების ორგანიზება - 150 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 25,2%) (იხ. გრაფიკი # 3). რიგ შემთხვევებში, თანხა გაიცემოდა ღონისძიებებისთვის, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. მაგალითისთვის, საანგარიშო პერიოდის ყოველ წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გაიცემოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით. ჯამში 26 მაისის ღონისძიებაზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 5,162,626.80 ლარი.
მთავრობის სარეზერვო ფონდის ფაქტობრივ ხარჯში ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხებს (9%) და სოციალურ ხარჯებს (ჯამურად გაცემული თანხის 7%) (იხ. გრაფიკი #3).
სოციალურ კატეგორიაში მოიაზრება ელექტროენერგიის სუბსიდიები, მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი და მატერიალური დახმარება, დევნილი ოჯახებისთვის დახმარების სხვადასხვა ფორმით გაწევა, ოკუპირებული ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა და სხვა.
რაც შეეხება კატეგორიას - „სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციონირებისთვის საჭირო“, ის სხვადასხვა ხარჯებს აერთიანებს. თუმცა, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ამ კატეგორიის თანხები ძირითადად მომსახურების, საქონლის ან სამუშაოს შეძენისთვის გამოიყენებოდა.
თავად ღონისძიებების კატეგორიების მხრივ ყველაზე მეტი თანხა საანგარიშო პერიოდში გამოიყო ერთ კონკრეტულ სასოფლო სამეურნეო ღონისძიებაზე - 48 მლნ ლარი („2015 წლის რთველის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით“) , ასევე სპორტული ღონისძიებების - 32 მლნ ლარი, და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსებაზე - 9.6 მლნ ლარი (იხ. გრაფიკი #4). ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ნახევარზე მეტი თანხა 26 მაისის ღონისძიებას მოხმარდა.
ამასთანავე, ის ღონისძიებები, რომლებისთვისაც საჭირო იქნებოდა საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა კონკურენციის გარეშე, შეიძლება ყოფილიყო შეძენილი, რაც აჩენს ბიუჯეტის არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს. გრაფიკი #4: სარეზერვო ფონდიდან ღონისძიებებზე გამოყოფილი თანხების ძირითადი მიმართულებები (2013-2017 წლის 9 თვე).
რიგი სახელმწიფო უწყებები ყოველ წელს ითხოვდნენ თანხებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემაზე მიუთითებს. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ჯამში 2013 წლიდან 2017 წლის განმავლობაში გამოეყო 100 მლნ ლარზე მეტი (იხ. ცხრილი #1), ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 40 მლნ ლარზე მეტი.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის თანხების გამოყოფა ძირითადად ხდებოდა სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის (საწევრო, მგზავრობა, საცხოვრებელი და სხვა), ასევე, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სარეზერვო ფონდიდან თანხები ძირითადად გამოიყო სხვადასხვა შესყიდვების განსახორციელებლად, ღონისძიებების ჩასატარებლად, შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების დასაფინანსებლად.
როგორც აღინიშნა, წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფოდა ისეთი ხარჯების დასაფარად, რომლებიც ყოველწლიურია და დაგეგმვის ეტაპზე შესაძლებელია მათი გათვალისწინება სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტებში.
წყარო: idfi.ge