უძრავი ქონების ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენაზე ფულადი სანქციები დაწესდება

უძრავი ქონების ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენასა და უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემაზე ფულადი სანქციები დაწესდება.

ამის შესახებ ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება. ცვლილებათა პაკეტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კერძოდ, დაგეგმილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში თუ უძრავი ნივთის შეძენა ან უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა ნაღდი ანგარიშსწორებით მოხდება, სამართალდამრღვევი პირი პირველ ჯერზე გაფრთხილდება, ხოლო სამართალდარღვევის საფუძვლის 30 კალენდარულ დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, უკვე 10 000 ლარით დაჯარიმდება. ასევე განმეორებითი 10 ათას ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული იმ შემთხვევაშიც თუ დაჯარიმებიდან 30 დღის ვადაში სამართალდარღვევის საფუძველი კვლავ არ იქნება აღმოფხვრილი.

„ამასთან, კონკრეტდება, რომ უზრუნველყოფილი სესხის გაცემის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა ან იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასის მიღების მოთხოვნის დარღვევისას - ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, შესაძლოა, ნაღდი ანგარიშსწორებით უძრავი ქონების შეძენა და უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აიკრძალოს.

მოძრავ ქონებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს რეგულაცია შეეხება: სასოფლო სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებებს; წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებს; ასევე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის, შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 კუბურ სანტიმეტრზე მეტია; ელექტროძრავიან მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კილოვატზე მეტია.

თაია არდოტელი