სათამაშო ბიზნესის რეგულირებისთვის კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მოხდება გარკვეული საკითხების ფინანსთა სამინისტროსთან შეჯერება, პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს.
გოგიჩაიშვილის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ასაკობრივი ცენზის განსაზღვრას, რომელზე მუშაობაშიც საქართველოს საპატრიარქოც ჩართულია.
„საპარტრიარქო ითხოვს ასაკობრივი ცენზი განისაზღვროს 23-24 წლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 22 წელი ოპტიმალურია. საქართველოში თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს, მოქალაქეები სამუშაო ადგილებით განებივრებული არ არიან და ხშირ შემთხვევაში, ეს აზარტული თამაშები ოჯახებისთვის პრობლემაა“ - განმარტავს გოგიჩაიშვილი.
დეპუტატის ინფორმაციით, რეგულაციების მიხედვით, აზარტულ თამაშებში ჩართვის მსურველი ონლაინ-კაზინოებში თანხებს საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხავს. გარდა ამისა, აიკრძალება თანხების სწრაფი გადახდის აპარატებიდან გადარიცხვა. თამაშის მსურველმა ონლაინ-კაზინოს საკუთარი ანგარიში უნდა შექმნას, რომლის გამოყენების უფლება სხვას არ ექნება.
„ჩვენ ასევე ვითხოვთ მოთამაშეების ერთიანი რეესტრის შექნას, რათა რეგისტრაცია ყველაზე გავრცელდეს. საუბარია ერთიან ბაზაზე, რომელზეც წვდომა ექნება ყველას ვინც ამ სფეროში იქნება, რადგან მაგალითად, თუ მოთამაშეს სასამართლომ კაზინოში თამაში აუკრძალა, ამის შესახებ სადღაც ხომ უნდა გამოჩნდეს, მაგალითად, რომელიმე ტოტალიზატორი ამის შესახებ გადაამოწმებს ინფორმაციას. დაახლოებით, როგორც საბანკო სფეროშია, ასეთი ბაზა იქნება. თუ რეგისტრაციას არ გაივლი, მაშინ უკვე ონლაინ-კაზინოში ლეგალურად ვერ შეხვალ, არალეგალურ შესვლას კი თავისი სანქციები ექნება. ჩვენ არავის არაფერს ვუკრძალავთ, უბრალოდ, რეგისტრაციას ვითხოვთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავთვალოთ, აზარტულ თამაშებში რამდენი მოქალაქეა ჩართული,“ - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატის თქმით, რეგულაციები გავრცელდება საჯარო მოხელეებზეც. კერძოდ, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს აზარტულ თამაშებში ჩართვა აეკრძალება, რისთვისაც მას შესაძლოა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა დაევალოს.
„როცა გვინდა, რომ საჯარო მოხელეების სისტემაში ეს პრინციპი შემოვიტანოთ, ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთი საჯარო მოხელე, სანამ საჯარო სტრუქტურაში მუშაობს, საქართველოს ლეგალურ სივრცეში ოფიციალურად ვერ ითამაშებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორიც თავის რეგულაციებს გაავრცელებს, ეს მათზე დამოკიდებული იქნება. მაგალითად, ბანკს, რომელმაც ადამიანზე კრედიტი უნდა გასცეს, მივანდობთ, ჩადოს თუ არა აზარტული თამაშების საკითხი პირობაში. ეს განხორციელდება შესაბამისი საკნონმდებლო რეგულაციების ქვეშ, პირადი მონაცემების დაცვის კანონმდებლობით, ყველაფერი რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ჩარჩოებში იქნება. კონკრეტულ ადამიანზე კონკრეტული ინფორმაციის მიღების სისტემასაც ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს“ - განმარტა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კითხვები არსებობს სათამაშო ბიზნესის შემოსავლებთან დაკავშირებითაც. დეპუტატის განმარტებით, ონლაინ-კაზინოების ბრუნვის გადასახადი ამ ეტაპზე 7%-ია, ხოლო ე.წ მიწის კაზინოები სალიცენზიო გადასახადსა და თვითმმართველობის მოსაკრებლებს იხდიან, რა პრინციპიც შესაძლოა, გადაიხედოს. იხილეთ გაგრძელება