პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საჯარო სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა ფედერალური ქსელის კომპანიის" მმართველობის თავმჯდომარეს, ანდრეი მუროვს შეხვდა- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე.
შეხვედრაზე განიხილეს კომპანია „საქრუსენერგოს“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობის გასაზრდელად.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა სტუმრებს ქვეყნის ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირებისა და ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის შედეგად, საქართველო გადაიქცეს რეგიონალურ ჰაბად ელექტროენერგიის გაყიდვების მიმართულებით.
დასასრულს, მხარეები ‘საქრუსენერგოს“ შემდგომი განვითარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.