მრიცხველი დედაქალაქის მერს - ქვიშის საათი ველოსიპედის ძეგლის ნაცვლად?

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 125 მიმდინარე, 150 დაბლოკილი, 440 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 8 იდეა განხილვის პროცესშია, ორი კი უკვე შეთანხმებულია.

მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთი იდეის ავტორი თბილისში სიცოცხლის ქალაქის სიმბოლოს - დიდი ქვიშის საათის დადგმას ითხოვს. კერძოდ, მოქალაქის აზრით, საათი რესპუბლიკის მოედანზე (ყოფილი ვარდების მოედანი) უნდა განთავსდეს.

„თბილისის, როგორც სიცოცხლის ქალაქის სიმბოლური გამოხატვის მიზნით კარგი იქნებოდა დიდი ქვიშის საათი დაგვედგა, რესპუბლიკის (ყოფილი ვარდების მოედანი) მოედანზე, რომელსაც ქალაქის მერი ყოველ ახალ წელს, ზუსტად 24:00 სთ-ზე, მომდევნო წლის მიზნებისა და ამოცანების გაჟღერებასთან ერთად გადაატრიალებდა.

ქვიშის საათმა სიმბოლურად შესაძლოა გამოსახოს, რომ ბევრი გვაქვს მოსასწრები და რომ “სოჩიკი ჩაირთო". საათის დიაგრამა დაყოფილი უნდა იყოს კვირეებად, რომ ყველა გამვლელმა იცოდეს რამდენი კვირა დარჩა წლის ბოლომდე და რამდენი აქვს მოსასწრები. ვფიქრობ, ხალხის მოტივაციისთვის ძალიან კარგი იქნება, თუ მოვუწოდებთ რომ ყველამ მოიფიქროს მომდევნო წლისთვის თუ რის გაკეთებას აპირებს. თუნდაც, მომდევნო წლის "სურვილები ჩაიფიქრონ",“-ნათქვამია მოქალაქის განაცხადში.

აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემა 3 აგვისტომდეა შესაძლებელი.