თბილისში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 15 ივნისს დაიწყება და 18 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 330 000 ლარია.
სპორტული ცენტრების მოწყობა ვარკეთილი-3, 3 მიკრორაიონის, კორპუს 319-ის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან და დიდ დიღომში, სკოლა „ფესვების“ მიმდებარედ იგეგმება.
„ტერიტორიაზე უნდა აშენდეს სათანადო ფუნქციონალური დატვირთვის სპორტული კომპლექსი, ასევე უნდა მოხდეს კომპლექსის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების დაგეგმარება. სპორტული კომპლექსი უნდა მოიცავდეს 2 (ორი) საცურაო აუზს (დიდი და საშუალო) გადახურვით (დიდი აუზი ერთ მხარეს ტრანსფორმირებადი კედლით, რომელიც სეზონურად გაიხსნება და გაერთიანდება ღია ტერასასთან), ტანვარჯიშის დარბაზს, სპორტულ მოედანს (ფეხბურთისა და კალათბურთისათვის), სპორტული ორთაბრძოლების დარბაზს, სატრენაჟორო სივრცეს, 2 ფიტნეს დარბაზს, მასაჟის ოთახებს, საუნას, კაფეს, მოსაცდელს, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზებს და ყველა საჭირო დამხმარე ფართს,“-აღნიშნულია სატენდერო ოდკუმენტაციაში.
ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება ერთ ობიექტზე 10 000 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.