მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, გეოლოგების მიერ თავიდანვე გაცემული არასწორი დასკვნა გახდა.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“" GDG+-ის ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე საუბრობს.
მისი თქმით, ამჟამად ზუსტ გამომწვევ მიზეზებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს, რომლის შედეგიც თვის ბოლოს გახდება ცნობილი. თუმცა კომპანიას საკუთარი წინასწარი ვერსიები უკვე აქვს.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები უახლოეს მომავალში ლოკალიზაციის, გეოლოგიისა და გამაგრებითი პროექტის შესახებ დადებენ დასკვნებს, რაც მერიის შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნება.
მერია ამის შემდეგ გადაწყვეტს, მიეცემა თუ არა კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპს“ ყიფიანისა და ჭონქაძის ქუჩაზე, სასტუმროს მშენებლობის გაგრძელების უფლება.
ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მშენებლობა შეჩერებულია.
მანამდე კი, GDG+-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, კლდის ჩამოშლის მიზეზი გეოლოგების არასწორი დასკვნა გახდა, რასაც წვიმა და სტიქიური მოვლენები დაემატა.
„მიზეზი სავარაუდოდ, გახდა თავიდან გაცემული არასწორი გეოლოგიური დასკვნა, რასაც დაემატა ბოლო პერიოდის ბუნებრივი პირობები. საღამოობით წვიმა იყო, დილით კი სიცხე, რამაც თავისი როლი შეასრულა. ანუ, ღია ქანებმა (რომელიც მერე იხურება), განიცადა დაშლა და ამან გამოიწვია მეწყერსაშიში ზონის გაჩენა. ეს ჩვენი სავარაუდო ვერსიაა, დასკვნა თვის ბოლოს იქნება.
რაც შეეხება მშენებლობას, ჩვენ მას ნორმების სრული დაცვით ვახორციელებდით, სხვა შემთხვევაში, მერიისგან ნებართვას ვერ მივიღებდით და არც მოგვცემდნენ უფლებას, რომ სამუშაოები გაგვეხორციელებინა“, - აცხადებს ბეჟან წაქაძე.
მისი თქმით, კომპანიას 5 მილიონი ლარი უკვე დახარჯული ჰქონდა, დასკვნების დადების შემდეგ კი, გაირკვევა რა რაოდენობის ზარალი მიადგა კომპანიას.
„ზარალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სამუშაოების ჩატარება მოუწევს კომპანიას. ჯერ უნდა დაიდოს დასკვნა, შემდეგ გეოლოგებს ჩაბარდეს სინჯები. მათი დასკვნის შემდეგ მოხდება პროექტის შედგენა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამის ლოკალიზაცია და შემდეგ გამაგრებითი სამუშაოების შესრულება. ეს რა თანხებთან იქნება დაკავშირებული, წინასწარ რთულია ამის თქმა. სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი ზარალი იქნება კომპანიისთვის, რადგან 5 მლნ ლარზე მეტი უკვე დახარჯულია, ტერიტორიის შეძენისა და მშენებლობის განხორციელების ჩათვლით. როგორც იცით, უკვე მესამე სართულს ვაშენებდით“,-აცხადებს ბეჟან წაქაძე.
თუ გეოლოგების დასკვნა უარყოფითი იყო და იქ მშენებლობის გაგრძელება აიკრძალა, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ადგილმონაცვლეობის საკითხი მერიამ უნდა განიხილოს და ეს მისი გადასაწყვეტია.
„მე ვარ მხოლოდ პასუხისმგებელი პირი. ვალდებულებები მაქვს, მაგრამ უფლებები არა. ეს უკვე მერიამ უნდა გადაწყვიტოს“,-აცხადებს ბეჟან წაქაძე.
როგორც ცნობილია, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მასა 31 მაისს ჩამოიშალა. ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს GDG+ ახორციელებს, იქ კომპანია 4-ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს.
ნინი ქეთელაური