მცხეთისა და დუშეთის რაიონები დაისეტყვა

მცხეთისა და დუშეთის რაიონები დაისეტყვა.

მცხეთის რაიონის რამდენიმე სოფელში წუხელ მოსულმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილის მოსავალი გაანადგურა. ამასთან, სოფელ ქსოვრისში წუხელ მოსული სეტყვა ამჟამადაც კი რამდენიმე სანტიმეტრზე დევს.

სეტყვამ დააზარალა ასევე დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, მათ შორის ბულაჩაურში ქარიშხალმა სახლს სახურავი გადახადა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქმის კურსშია.

მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზარალის დამთვლელი კომისია მოგვიანებით შეიქმნება.

მხარის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი ამ წუთებში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება.