ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ ქვეყანაში წარმოების გაფართოებას გეგმავს

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს პოზიტიურად აფასებს და საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას და წარმოების გაფართოებას გეგმავს , - ამის შესახებ კომპანიის შვეიცარიელმა დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაქს ბლაუენშტაინმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კომპანიის მიერ ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდის საფუძველია. ამ დროისთვის „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 27 მლნ ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი პროექტები მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, რაჭის ეს მოდელი სხვა მთიან რეგიონებშიც წარმატებით უნდა განხორციელდეს, რაც ადგილობრივების დასაქმებას და სოფლად მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.

ბიზნესმენების - მაქს ბლაუენშტაინისა და ირაკლი კერვალიშვილის მიერ რაჭაში დაარსებული ქართულ-შვეიცარიული კომპანია ნატურალურ პროდუქციას ტრადიციული მეთოდებით და ამავდროულად, ევროპული სტანდარტებისა და რეცეპტების გამოყენებით აწარმოებს. ამ ეტაპზე „ბლაუენშტაინ საქართველო“ 4 სათავო და 10 პარტნიორ ფერმას ფლობს, აგრეთვე, აქვს საკუთარი პირველადი დამუშავების საწარმო და ერთი საფირმო მაღაზია თბილისში.