"ბიზნეს სექტორში დასაქმებულებისთვის 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა"

ბიზნეს სექტორში დასაქმებულებისათვის 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით არის გაზრდილი და 1106 ლარი შეადგინა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 18,6%-ით და ჯამურად შეადგინა 18 მლრდ ლარი.

“4 ივნისს სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2018 წლის პირველი კვარტლის ბიზნეს სექტორის სტატისტიკა, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო და გარკვეული აქცენტები გავაკეთო. საქართველოს ეკონომიკა და მისი მდგრადობა დამყარებულია კერძო სექტორის განვითარებაზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად ვითარდება კერძო სექტორი. სწორედ ამ მონაცემებზე მინდა ვისაუბრო. 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 18,6%-ით და ჯამურად შეადგინა 18 მლრდ ლარი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 20%-ით. მათ შორის საშუალო საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 20,5%-ით ხოლო მცირე ზომის საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 19,6%-ით, მაშინ, როცა მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 17,1%-ით, გამოშვება გაზრდილია ასევე 16%-ით და 8,7 მლრდ ლარი შეადგინა. აქაც მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოების ზრდა გვაქვს საკმაოდ კარგი. საშუალო საწარმოების ზრდა გვაქვს 17,7% მცირე საწარმოების ზრდა გვაქვს 16,5%, ხოლო დიდი საწარმოების ზრდა გვაქვს 14,6%. რა თქმა უნდა, ეს უნდა ასახულიყო და კიდეც აისახა დასაქმებაზე“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5,3%-ით გაიზარდა და მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 5,7%-ით.

„შესაბამისად, ამ მონაცემმა შეადგინა 637 ათასი სამუშაო ადგილი და 603 ათასი დასაქმებული. აქ მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის თვალსაზრისით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს სულ უფრო და უფრო მეტი შემოსავლის შეტანის შესაძლებლობა აქვთ თავიანთ ოჯახებში და 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში დასაქმებულებისათვის და შეადგინა 1106 ლარი. საქმიანობების მიხედვით ბრუნვა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არის გაზრდილი. ბრუნვა გაზრდილია ვაჭრობაში 16,7%-ით, ხელოვნებაში, გართობასა და დასვენებაში ძალიან კარგი ზრდა გვაქვს - 57%-იანი, დამამუშავებელ მრეწველობაში 16,7%-იანი ზრდა გვაქვს, ხოლო მშენებლობაში - 14,8%-იანი ზრდა გვაქვს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, მთავრობა აგრძელებს მუშაობას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და ხელშეწყობის მიმართულებით.

„ჩვენ გვაქვს დამტკიცებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, რომელიც მრავალ მიმართულებას მოიცავს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და ამ მიმართულებით საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამუშავება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უკვე გავმართეთ არაერთი შეხვედრა ყველა ჩართული მხარის მონაწილეობის. გვქონდა მოლაპარაკება ევროპელებთან, გავაგზავნეთ ოფიციალური წერილები, რათა მათგან მიგვეღო ის ტექნიკური დახმარება, რომელიც ჩვენ გვჭირდება ამ რეფორმის განსახორციელებლად. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ, რომ გვსურს ევროკავშირი ვიხილოთ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში და სწორედ ამიტომ, ევროპელებთან მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში ამ რეფორმის გატარება, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.