სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და სწორედ ამ მიმართულებით საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მთავრობა აგრძელებს მუშაობას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით და უკვე დამტკიცებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, რომელიც მრავალ მიმართულებას მოიცავს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნავს, საკრედიტო-საგარანტიო რეფორმაზე მუშაობის პროცესში უკვე გაიმართა არაერთი შეხვედრა რეფორმაში ჩართულ მხარეებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან რეფორმის გასატარებლად საჭირო ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართული მხარის სურვილია, რომ ევროკავშირი იყოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ერთ-ერთი თანამონაწილე.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის შესახებ პირველ ვიცე-პრემიერს მაისის ბოლოს აშშ-ში ვიზიტისას დეტალური საუბარი ჰქონდა სავალუტო ფონდში.
„მოგეხსენებათ, ფისკალური ჩარჩოს კუთხით, თუ ეს ეხება ბიუჯეტიდან გარკვეული მიმართულების სტიმულირებას, რა თქმა უნდა, დონორ ორგანიზაციებთანაა შესათანხმებელი. ჩვენ მათგან მივიღეთ თანხმობა, რომ ამ მიმართულებით ერთად ვიმუშავებთ და საბოლოო ჯამში, ამ რეფორმის გატარება კიდევ უფრო დაეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რომელიც ასე გვჭირდება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.