გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და პროდუქტების ეტიკეტირება შესაძლოა სავალდებულო გახდეს

გენმოდიფიცირებული პროდუქტები სავალდებულო ეტიკეტირებას დაექვემდებარება.

კანონპროექტი სახელწოდებით - "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ" პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტი ფრაქციამ "ქართული ოცნება – მრეწველები" მოამზადა.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში უნდა განთავსდეს წარწერა "გმო", ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში წრიულ ფორმაში წარწერა "გმ". აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა მისი ადვილად იდენტიფიცირება შეძლოს. გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის შემცველი პროდუქტის ეტიკეტირებისას ასევე აღნიშნული უნდა იყოს ინგრედიენტის სახელი.

შესაბამისად, ბიზნესოპერატორები ვალდებულნი ხდებიან გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას ეტიკეტირების აღნიშნული ნორმები დააკმაყოფილონ. პროექტის მიხედვით, ეტიკეტირების მოთხოვნათა შეუსაბამობის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებული იქნება შეუსაბამობა აღკვეთოს და სავაჭრო ქსელიდან არაეტიკეტირებული გენმოდიფიცირებული პროდუქტი ამოიღოს. შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, გენმოდიფიცირებული პროდუქტი განადგურებას დაექვემდებარება.

ეტიკეტირების მოთხოვნების შესრულებაზე დაწესდება სახელმწიფო კონტროლი – პროექტის მიხედვით, ეტიკეტის შეუსაბამობაზე სახელმწიფოს კონტროლს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, იმპორტისას - ფინანსთა სამინისტრო.

კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება პასუხისმგებლობის საკითხი მოთხოვნათა დარღვევის შემთხევევაში. კერძოდ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 ათასი ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ათასი ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 1 იანვარი.