„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გია აბულაძე აცხადებს, რომ ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი გაუმჭვირვალეა და მაღალჩინოსნების კერძო ინტერესები იკვეთება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფიქრობს, რომ საკითხით აუდიტის სამსახური და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
„2017 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო, რომლისთვისაც 30 მილიონი ლარია გამოყოფილი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელიც პროექტის დამკვეთია, დოკუმენტაციის ნაწილი მოგვაწოდა, რაც კითხვებს აჩენს... კერძოდ, ერთ-ერთი ექსპერტის, ზაალ ასკურავას დასკვნაცაა, სადაც მნიშვნელოვანი შენიშვნებია ასახული. ჩვენ დამატებითი ინფორმაცია მოვითხოვეთ და თვეებია პასუხს არ გვიგზავნიან. იმ ადგილიდან საიდანაც ნატანის ამოღება მიმდინარეობს, შემდეგ ნატანის შევსება როგორ მოხდება? - ამის კვლევები და დასკვნები საქმეში არ დევს. სპეციალისტების განმარტებით, თუ სისტემატიურად ამ ადგილიდან ნატანს ამოიღებენ, შესაძლოა ეროზია განვითარდეს და ჩამოიშალოს სანაპირო კაფე „პიერ ბათუმის“ პირსიდან იახტკლუბის მიმართულებით. მდინარე ჭოროხზე და აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობის გამო მდინარე ჭოროხს ფაქტობრივად ზღვაში ნატანი ვეღარ შემოაქვს. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ საბოლოო პროექტის და სამუშაოების შესყიდვის დოკუმენტების წარმოდგენა, თუმცა დღემდე გვეუბნებიან, რომ ცვლილებები მიმდინარეობს. ამ დროს ვხედავთ, რომ სამუშაოების მწარმოებელი კომპანია სამუშაოებისთვის საჭირო ინერტულ მასალას ზღვიდან იღებს ნაცვლად იმისა, რომ მას ვალდებულება აქვს სხვა ადგილიდან შემოიტანოს. ნაპირსამაგრი სამუშაოები კი სამშენებლო ნარჩენებით ხორციელდება, როცა იქ ქვაღორღი უნდა იყრებოდეს. ამასთან, სანიაღვრე არხების მოწყობა არ მიმდინარეობს. პროექტი არ არის გამჭვირვალე და სახელმწიფო რესურსების კერძო ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება ხდება, რაც კორუფციის ეჭვებს აჩენს. მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას ნაპირსამაგრი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების შესწავლა მოხდეს”,- განაცხადა გია აბულაძემ.