მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს წყალი არ მიეწოდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მაგისტრალური მილსადენის ბულაჩაურში გამავალი მონაკვეთის დაზიანების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს წყალი არ მიეწოდება.

როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, მაგისტრალის დაზიანების მიზეზი ღამის განმავლობაში არაგვის ხეობაში წამოსული კოკისპირული წვიმა და მდინარე არაგვის ადიდება გახდა. აღნიშნული მაგისტრალით თბილისის გარკვეული ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ უამინდობის მიუხედავად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დაზიანებების აღმოფხვრას დღეს გამთენიიდან დაუყოვნებლივ შეუდგა და დაზიანების ადგილზე საავარიო ბრიგადებისა და სპეცტექნიკის მობილიზება ოპერატიულად მოახდინა. აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას გააჩნია სასმელი წყლის მარაგი, თბილისში მაინც რჩება გარკვეული უბნები და დასახლებები, რომელთაც ამ დროისთვის სასმელი წყალი არ მიეწოდება.

კერძოდ, დღეს, 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს გაზისა და გლდანულას დასახლებებს, წერეთლის გამზირს, ლიბანის, ბარალეთის, ილორის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხერგიანის, კობერიძის, საბაშვილის, მიდელაურის, ვართაგავას, მიქატაძის, მებაღიშვილის, მარჯანიშვილის, მაისურაძის, გულისაშვილის, ბარათაშვილისა და ღვალაძის ქუჩებს, თემქის III მ/რ-ის II, III, IV, V კვარტლებს, გლდანის IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს და სოფელ გიორგიწმინდას.

ჩამოთვლილ დასახლებებსა და ქუჩებს წყალმომარაგება ეტაპობრივად, 15:00 საათიდან აღუდგებათ.