2017 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველაზე მსხვილი მხარჯავი სახელმწიფო დაწესებულება იყო.ამის შესახებ დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ გააცნო.
მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის მაჩვენებლების, ასევე საგარეო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან და უცხოური კაპიტალიდან ბიუჯეტში შემოსულ თანხებზე ინფორმაციის წარდგენასთან ერთად, ცალკეული მხარჯავი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მონაცემებიც წარმოადგინა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 3.5 მლრდ ლარიანი დაფინანსებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველაზე მსხვილი მხარჯავი სახელმწიფო დაწესებულებაა, რომლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 100.8%-ს შეადგენს.
ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, თუ რამდენად სწორად არის განსაზღვრული პრიორიტეტები ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და თუ რატომ ხდება წლის განმავლობაში პროგრამებს შორის თანხების გადანაცვლება. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის შეკითხვა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის და ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამების დაფინანსებას შეეხებოდა. მან სამინისტროს წარმომადგენელს ქიმიოთერაპიის და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გადახედვის და მათი გაზრდის თხოვნით მიმართა.
სხდომაზე ჯანდაცვის სისტემის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე და უწყების პრიორიტეტებზე მინისტრის მოადგილემ მიხეილ დონდუამ ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტროს მიზანია ჯანმრთელობის დაცვასა და სამედიცინო დაწესებულებებზე მოსახლეობის მეტი ხელმისაწვდომობა და მათი მხრიდან თანადაფინანსების შემცირება.
„ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მედიკამენტების ფასების არასტაბილურობა წარმოადგენს და ამასთან დაკავშირებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. დღეისათვის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა 27 დასახელების მედიკამენტს უფასოდ იღებს და ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამის განვითარებაზე ზრუნვას“, - აღნიშნა მიხეილ დონდუამ.
კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხები, კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ შეაჯამა და მინისტრის მოადგილეებს ორი მთავარი თემით მიმართა.
„კარგი იქნება თუ 2019 წლის ბიუჯეტი პროგრამების მიმართ, მაქსიმალურად რეალისტურად დაიგეგმება, რადგან არ შეიძლება ყოველს წელს ერთი და იგივე პროგრამა 80%, ხოლო სხვა პროგრამები 110%-ით სრულდებოდეს. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული პროგრამების შედეგები და მათი ინდიკატორების განსაზღვრა. პროგრამების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მათი მიმდინარეობის პროცესის, ასევე მოსალოდნელი შედეგების ინდიკატორები“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშს“.
ინფორმაციას კომიტეტის სხდომის შესახებ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.