100 ათას ლარამდე ნივთის განვადებისას ფასის უცხოურ ვალუტაზე მიბმის შემთხვევაში ჯარიმები წესდება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია.
„სამოქალაქო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 100 000 ლარამდე ნივთის განვადებისას ფასი არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. იგივე შეზღუდვა ვრცელდება ლიზინგზეც. კერძოდ, დაგეგმილი ცვლილებებით, თუ ლიზინგის მთლიანი საზღაური 100 000 ლარს არ აღემატება, საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.
აღსანიშნავია, რომ ორივე სამართალდარღვევისთვის პირი პირველ ჯერზე გაფრთხილდება, 30 კალენდარული დღის ვადაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი 1 000 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, თუ დაჯარიმებიდან 30 დღეში სამართალდარღვევის საფუძველი კვლავ არ იქნება აღმოფხვრილი, სამართალდამრღვევი განმეორებით 1 000 ლარით დაჯარიმდება.
„ამასთან, კონკრეტდება, რომ სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო ლიზინგის შემთხვევაში, ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ლიზინგის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.