მერიის მხრიდან „სვეტისთვის" მშენებლობის ნებართვის შეჩერების შემდეგ, მედიისათვის ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი - კომპანიის ნაწილი გასხვისდა.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეისყიდა სამშენებლო ბიზნესი, რომელსაც დიდი პრობლემები აქვს და მისი მშენებარე ბინების დასრულებაც უკვე საეჭვოა. ისევე როგორც "ცენტრ პოინტის" შემთხვევაში, გადაბარების პროცესი დროში გაიწელება და ადამიანებს, რომლებსაც მშენებარე ბინებში თანხა უკვე გადახდილი აქვთ, ლოდინი დიდხანს მოუწევთ.
„სვეტს" თბილისში რამდენიმე მშენებარე ობიექტი აქვს, მათგან სამ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით იანვრის დასაწყისიდან შეჩერებულია. მიზეზი მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ობიექტებზე აღმოჩენილი დარღვევები გახდა.
„კომერსანტის" ინფორმაციით, „სვეტმა" ბიზნესის 33% გაასხვისა. ოფისში მისულ დაზარალებულებს მენაშენეებმა განუცხადეს, რომ კომპანია მათ წინაშე არსებულ ვალდებულებებს სწორედ წილის გასხვისების შედეგად მიღებული ტრანზაქციით გადაუხდის, ივნისის ბოლოს კი „სვეტის" ვალდებულებებს ახალი ინვესტორი გადაიბარებს. რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას კომპანიაში ადასტურებენ, წილის გასხვისების ფაქტს კი არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
სამშენებლო კომპანია „სვეტი" თბილისში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. კერძოდ: ნაძალადევში, ჭყონდიდელის ქუჩაზე - „სვეტი ქალაქი 1" (1200-ბინიანი კომპლექსი); დიდუბეში, წერეთლის გამზირზე - „წერეთლის კოშკი" (17 სართულიანი კომპლექსი); ნუცუბიძეზე - „სვეტი ქალაქი-3" (15 სართულიანი); კაიროს ქუჩაზე - „სვეტი ისანი" (10-სართულიანი) და მირცხულავას ქუჩაზე 15-სართულიანი კომპლექსი. უცნობია, როდის დასრულდება ზემოთ ჩამოთვლილი მშენებლობები, მით უმეტეს, რომ ქართველ დეველოპერებს გაკოტრებისა და ბიზნესის გაყიდვის შემდგომი პერიოდი წლების განმავლობაში უგრძელდებათ და მენაშენეები ზარალდებიან.
ყველაზე ცუდი მაგალითი ამ მხრივ კომპანია „ცენტრ პოინტის" საქმეა. ბინები, რომლებიც 10 წლის წინ უნდა დამთავრებულიყო, ჯერაც არ ჩაბარებია მფლობელთა ნაწილს. სასამართლო პროცესების შემდეგ, 6 თვის წინ დაანონსდა, რომ კომპანია გაიყიდა და ახალი მესაკუთრე მენაშენეებს დააკმაყოფილებდა ფართებით, რომლებშიც ფული მათ დიდი ხნის წინ გადაიხადეს, თუმცა ეს პროცესი ისევ გაყინულია.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელით „ცენტრ პოინტის" მობინადრეებს და რამდენი ხნით დაუგვიანდებათ მათ ბინებში შესვლა, თუმცა ფაქტია, დაზარალებულ მენაშენეთა რიცხვს მიემატება ის ხალხი, ვინც ბინა „სვეტში" შეიძინა. ახლა გასარკვევი ისღა რჩება, რა რაოდენობითა და რამდენი ხნით.
გვანცა ვარდოსანიძე „ცენტრ პოინტის" დაზარალებულია. მას ბინა ჯერ კიდევ 10 წლის წინ უნდა ჩაბარებოდა, თუმცა ამ დრომდე ელოდება მშენებლობის დასრულებას. მან არც კონკრეტული თარიღი იცის, როდის შეძლებენ კუთვნილ სახლში შესვლას.
„ბინა 10 წლის წინ უნდა ჩაგვბარებოდა, თუმცა დღემდე არ ვიცით, როდის მოვახერხებთ კუთვნილ სახლში გადასვლას. საუბარი მიდის, რომ "ემ კვადრატმა" უნდა იყიდოს და ის აიღებს საკუთარ თავზე ფართებით უზრუნველყოფას. ეს საუბარი უკვე 6 თვეზე მეტია მიდის, თუმცა არც ამჟამინდელი და არც შემსყიდველი კომპანიიდან არავინ დაგვკავშირებია. ყველაფერი ძველებურადაა და ისევ არ ვიცით, გვეღირსება თუ არა იმ ბინებში შესვლა, რომელთა საფასურიც წლების წინ გადავიხადეთ", - უთხრათ „რეზონანსს" გვანცა ვარდოსანიძემ.
სამართლის დოქტორი და სამშენებლო სამართლის ლექტორი უჩა ზაქაშვილი ამბობს, რომ „სვეტის" მენაშენეებსაც დროში გაწელილი პროცესი ელით ბინის საბოლოოდ დასრულებამდე. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ აღნიშნული კომპანიის მშენებლობების ნაწილი საერთოდ უნებართვოა.
„პროცედურულად ეს პროცესი ნამდვილად გაიწელება დროში. მოგეხსენებათ, ახალმა ინვესტორმა ზუსტად უნდა გამოიკვლიოს, რა ვალდებულებები აქვს კომპანიას აღებული და აგრეთვე ვადებიც მათ შესასრულებლად, ამასთან დავები ხომ არ არის სასამართლოში.
გამომდინარე აქედან, პროცესები უფრო დიდხანს გრძელდება. რაც უფრო დიდია კომპანია და მეტი კონტრაქტორი ჰყავს, მით უფრო დიდხანს იწელება ხელშეკრულების დადების დრო ამის ნათელი მაგალითია „ცენტრ პოინტის" საქმე. რამდენადაც ვიცი, ათასობით კონტრაქტია „სვეტის" შემთხვევაშიც, რაც, ალბათ, საქმეს უფრო გაართულებს.
მოგეხსენებათ, „სვეტის" მშენებლობების ნაწილი უნებართვოა, ეს კი ნიშნავს, რომ ახალმა ინვესტორმა უნდა შეადაროს, ,გენგეგმასთან რამდენადაა შესაბამისობაში. იქ საერთოდ შეიძლება თუ არა მშენებლობა და რამდენი სართულის მშენებლობის უფლება ექნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ახალი გენგეგმა, რომლის მიღებაც დროში ძალიან იწელება და ამიტომ რთულდება პროგნოზი ამა თუ იმ ტერიტორიის სამშენებლო პოტენციალთან დაკავშირებით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მინიმუმ რამდენიმე თვე მხოლოდ ახალი მფლობელისათვის გადაცემას დასჭირდება.
სწორედ „სვეტის" შემთხვევაში უცნობია, რამდენად შეესაბამება მომავალ გენერალურ გეგმას მისი წამოწყებული პროექტები ან რამდენად ჯდება უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმების სტანდარტებში. ფაქტია, მენაშენეებს დროში გაწელილი პროცესი ელით ბინის საბლოოდ დასრულებამდე", - განუცხადა „რეზონანსს" ზაქაშვილმა.
უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ახალი ინვესტორი არ შეიძენს კომპანიას, თუკი მისთვის გარიგება არასარფიანია. დღესდღეობით ისეთი ვითარებაა, რომ მენაშენეებისთვის მშენებლობის დასრულების დრო, რა თქმა უნდა, გაჭიანურდება.
„არა მგონია, არსებობდეს ინვესტორი, რომელიც შეიძენს კომპანიის წილს, რომელიც წამგებიანია. ის, რომ „სვეტის" ნაწილი სხვისდება, თავისთავად ნიშნავს, რომ ეს ბიზნესი მომგებიანია და ამ ბინებს დასრულება უწერია. მეორე მხრივ, სამშენებლო სფეროს გამოცდილება აჩვენებს, რომ მობინადრეებს მრავალ პრობლემა აქვთ და ბევრად უფრო გვიან სრულდება მათი კუთვნილი ფართები, ვიდრე კონტრაქტშია მითითებული", - აღნიშნა „რეზონანსთან" გურამ ფალავანდიშვილმა.
თამარ მუკბანიანიგაზეთი „რეზონანსი"