„სტაიანშიკების“ აღრიცხვა და რეგულირება - რა იდეით მიმართავს მოქალაქე მერიას

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 125 მიმდინარე, 150 დაბლოკილი, 440 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 8 იდეა განხილვის პროცესშია, ორი კი უკვე შეთანხმებულია.

მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთი იდეის ავტორი თბილისში „სტაიანშიკების“ რეგულირებას ითხოვს.

„თბილისში მანქანის გასაჩერებლად პარკირების ადგილას გაურკვეველ ადამიანს, ვისაც ფოსფორისფერი ჟილეტი აცვია, 0,2 დან - 2 ლარამდე თანხა უნდა გადაუხადო. ფულის გადახდის ეს პროცესი აბსოლუტურად უკანონოა. "სტაიანშიკი " იღებს უკანონო შემოსავალს, რომლის აღრიცხვა - რეგულაცია არ ხდება.

გთავაზობთ გამოსავლის 2 ვარიანტს: 1 - აიკრძალოს "სტაიანშიკობა" და ეს გაჭირვებული ადამიანები დავტოვოთ შემოსავლის გარეშე. კანონი გვაძლევს ამის საშუალებას, რადგან ისინი არალეგალურად ოპერირებენ და ფულს სძალავენ მოსახლეობას ფსიქოლოგიური ზეწოლის და ფოსფორისფერი ჟილეტის საშუალებით;

2 - აღირიცხოს ყველა "სტაიანშიკი" და მიეცეთ სპეციალური მოწმობები, რომელიც თან ექნებათ მუშაობისას, რაც უზრუნველყოფს მძღოლების ნდობას. მიენიჭოთ მათ იურიდიული სტატუსი (მიკრო მეწარმე, ინდ. მეწარმე და აშ), ასევე სიმბოლურად დაუწესდეთ მოწმობის ფლობის ყოველთვიური გადასახადი 10 ლარი, რომ კანონის ფარგლებში მოექცეს მათი საქმიანობა. განისაზღვროს მაქსიმალური ფასი პარკირების დროს გადასახდელი თანხის მაგალითად ( 0,2 ლ დან 0,5 ლ მდე). ეს რეგულაციები მოაქცევს ქუჩაში ყოველდღიურად მიმდინარე უკანონობას კანონის ფარგლებში და ასევე მძღოლები დავზოგავთ დროს და ნერვებს,“-აღნიშნულია მოქალაქის განაცხადში.

აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 2018 წლის 31 ივლისამდეა.