უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი წელს 6 მილიონს მიაღწევს

საქართველოში იმედოვნებენ, რომ ყირიმში დასვენების მოყვარულები დასასვენებლად აქ ჩამოვლენ...

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო წელს 6 მილიონამდე უცხოელი ვიზიტორის შემოსვლას ვარაუდობს - ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად ორი დღის წინ გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომსა და რაჭაში გაიმართა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წელს განსაკუთრებულ აქცენტს უკრაინიდან ახალი დამსვენებლების მოზიდვაზე გააკეთებენ, რასაც ყირიმის ტურისტული სეზონის ჩავარდნით გეგმავენ. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ”უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები” ბათუმიდან კიევის მიმართულებით ფრენას 14 ივნისიდან დაიწყებს, 2 ივნისიდან კი ფრენა კვირაში 4-ჯერ განხორციელდება.

სკუტერები, ბანანები, აფრიანი იახტები ზღვაზე, პარაშუტები და პარაპლანები ცაზე – ის, რაც ცხელ საზღვაო სეზონთან ასოცირდება, აქტიური ცხოვრება უკვე დაიწყო.

ბათუმში აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და ტურისტული აქტივობების პოპულარიზაციის მიზნით 31 მაისს ევროპის მოედანზე სცენა დამონტაჟდა და მიმდებარე ტერიტორია შესაბამისი განათებითა და დეკორაციით გაფორმდა. ამასთან, პოპულარული ქართული ჯგუფების მონაწილეობით კონცერტიც გაიმართა. ღონისძიება დიჯეის ცოცხალი შოუთი და ფოიერვერკით დაიხურა.

ქუთაისში კი წინა კვირის ბოლოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოქალაქეები სამეფო უბნის პარკში მიიწვია. ტერიტორია სპეციალურად ამ დღისთვის შესაბამისი დეკორაციით და მუსიკით იყო გაფორმებული. ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა ბორჯომის პარკსა და შაორის ტბაზეც.

”მთელ კვირასთან” საუბრისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ რუსუდან მამაცაშვილმა განაცხადა, რომ ტურისტების მოზიდვის კუთხით დეპარტამენტს წელს აქტიური ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.

”წელს 6 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს ველოდებით, მათი მოზიდვის მიზნით კი მთელი ზაფხულის განმავლობაში ფესტივალები გვაქვს დაგეგმილი. დიდ იმედს ვამყარებთ, რომ ამ სეზონზე ტურისტების ზრდის მაღალი რაოდენობა დაფიქსირდება. ამ მიზნით ჩვენ რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე აქტიურ კამპანიებსაც ვახორციელებთ. აზერბაიჯანში მაგალითად, მიმდინარეობს ინტერნეტრეკლამები, მეტროს ყველა ვაგონზე ტურისტული პოტენციალის ამსახველი საქართველოს სტიკერებია გაკრული. სარეკლამო კამპანია ასევე დაწყებული გვაქვს უკრაინასა და გერმანიაშიც.

სტატისტიკის თანახმად, ინტერესი ზღვის გარდა, მთაზეც საკმაოდ დიდია. ჩამოსვლების მხრივ პირველ ადგილზე თბილისია, მეორეზე - ბათუმი, ყაზბეგი და კახეთი. ბაზრის 86% კი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს უჭირავთ. პირველ ადგილზე ამ მხრივ არის თურქეთი, მეორეზე - სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. ასევე გაზრდილია პოლონელი და უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობაც, რის გამოც უკრაინიდან დამატებითი რეისები ინიშნება. ის ხალხი, ვინც ყირიმში დადიოდა და რომელთა რიცხვი 4 მილიონამდე იყო, ვფიქრობთ, საქართველოში შემოვა”, - აცხადებს მამაცაშვილი.

საკურორტო სეზონის მოახლოებასთან და ტურისტების სეგმენტიდან გამომდინარე ჩნდება იმის საჭიროება, რომ ქვეყანას უფრო ბევრი საოჯახო ტიპის სასტუმრო ჰქონდეს. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ყველა სასტუმროს თავისი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა საკმაოდ მაღალია 4-ვარსკვლავიანი ბრენდსასტუმროების დატვირთვაც. 2-3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ნაკლებობას კი საოჯახო სასტუმროები ანაზღაურებს.

”როგორც წესი, ყველაზე დიდი მოთხოვნა საშუალო კლასის სასტუმროებზეა. ამ სეზონზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს და ამიტომაც ბათუმში რამდენიმე ახალი სასტუმრო იხსნება. მათზე მოთხოვნა კვლავაც მაღალი იქნება, რადგან მოსალოდნელია ვიზიტორების რაოდენობის ზრდა. დარწმუნებული ვართ, ვიზიტორების ნაკადი გაიზრდება და 2014 წელს დაახლოებით 18%-იან ზრდას ველოდებით. ჩვენი ვარაუდით, ამ პერიოდისთვის 4 თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 1,4 მილიონამდე გაიზარდა, რაც განვლილ წელთან შედარებით 7%-ით მეტია”, - განაცხადა რუსუდან მამაცაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი სექტორია, ის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7%-ს გამოიმუშავებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ტურიზმის წილი ქვეყნის ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში 2008 წლის შემდეგ მზარდია, 2013 წლამდე მისი პროცენტული მაჩვენებელი 6,1%-დან 7,1%-მდე გაიზარდა.

ექსპერტი მარინა მეტრეველი აცხადებს, რომ ტურისტების რაოდენობის და რეალური მოგების გამოყვანას, ოფიციალური კვლევა სჭირდება, რომელსაც ქვეყანა ვერ ახორციელებს, ამასთანავე ის აქცენტს ხარისხიანი და ტურისტებისთვის მისაღებ ინფრასტრუქტურაზეც აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყანა ყველა სეგმენტის ტურისტისთვის ამას ვერ უზრუნველყოფს.

”ამ ციფრებს, რასაც ასახელებენ, საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან იღებენ, რეალურად კი წმინდა ტურისტების გამოსაკვლევად კვლევები არ ტარდება. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საზღვარს გადმოლახავს, არ შეიძლება ტურისტად მივიჩნიოთ. შესაბამისად, სწორად არც ხარჯებია დაანგარიშებული. ანგარიშობენ, რომ საშუალოდ ტურისტმა შეიძლება დახარჯოს 50-600 დოლარი და ასე გამოყავთ ტურიზმიდან შემოსავლები, რაც თავშივე არასწორია. სულ ვამბობ, რომ იმისათვის, რომ გავიგოთ დარგი მომგებიანია თუ არა, ამისთვის საჭიროა დათვლის მეთოდიკა გქონდეს. უნდა იცოდე, როგორია შემოსავლები. არსებობს თუ არა დადებითი სალდო, ანუ რამდენი გადის ჩვენი ქვეყნიდან სხვაგან და რამდენი შემოდის. ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს წმინდა შემოსავლები და არა შემოსულ ადამიანთა რიცხვი. მე ვერანაირად ვერ გეტყვით, რამდენად სანდოა წელს 6 მილიონი ტურისტის შემოსვლის პროგნოზირება.

აღსანიშნავია, რომ მოიმატა არაორგანიზებულმა ტურისტმა, ანუ მათმა რიცხვმა, ვინც ქვეყანაში ტურისტული კომპანიის მეშვეობით არ შემოდის, მათ არ სჭირდებათ ისეთი სასტუმროები, სადაც ღამე 200 დოლარი ღირს, მათ უნდათ ხელმისაწვდომი ღამის გასათევი, რომ მეორე დღეს მეორე ქალაქში გადავიდნენ. ასეთი სასტუმროების მშენებლობაში კი ინვესტიციები არ იდება. თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ კანონის ფარგლებში ქობულეთის შესასვლელში მსგავსი ტიპის 24 სასტუმრო უნდა აშენებულიყო და ამის სანაცვლოდ ის ყველანაირი გადასახადისგან თავისუფლდებოდა. დღეს 24-ის ნაცვლად, ორია აშენებული და იმ ორიდან მხოლოდ ერთია ექსპლუატაციაში გაშვებული”, - უთხრა ”მთელ კვირას” მარინა მეტრეველმა.

გარდა ამისა, ექსპერტი სააგენტოსგან განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს და ამბობს, რომ უკრაინაში განვითარებულმა პროცესებმა შესაძლოა, გაზრდის ნაცვლად ტურისტების რაოდენობის შემცირებაც გამოიწვიოს.

სინოპტიკოსები კი თავის მხრივ წელს ცხელ ზაფხულს ვარაუდობენ. როგორც ”მთელ კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი სამმართველოდან აცნობეს, საქართველოში წლევანდელი ზაფხული შარშანდელისგან განსხვავებით უფრო ცხელი და ნაკლებნალექიანი იქნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი მაქსიმალური ტემპერატურა ტრადიციულად ივლისის შუა ნახევრიდან აგვისტოს 15 რიცხვებამდე გაგრძელდება.

”როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში წლევანდელი ზაფხული ცხელი ქნება. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს უხვნალექიანობას არ ველოდებით. განსაკუთრებით ცხელი ზაფხული ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე იქნება. ამ პერიოდში კოლხეთის დაბლობზე ტემპერატურა 39 გრადუსამდეც შეიძლება ავიდეს”, -განმარტა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ.

ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, 2012 წელს საქართველოში სულ 4,428,221 ვიზიტორი შემოვიდა, 2013 წელს კი მათი რიცხვი 5,392,303 იყო.

თათია ჩაფიჩაძე

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”