2018 წლის აპრილისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.5% შეადგენს და ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პოზიტიური ზრდის ტენდენციები ნარჩუნდება როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი საწარმოების ბრუნვის და დასაქმების მაჩვენებლებშიც.
„ძალიან გვახარებს ყველას, რომ 2018 წლის მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. რამდენიმე დღის წინ, 2018 წლის აპრილისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელიც 6.5% შეადგენს. ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში. მიმდინარე წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელია 5,5%. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი უკავია კერძო სექტორს. ბოლო წლების მსგავსად, 2018 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები ბიზნესსექტორში ბრუნვის, გამოშვების, დასაქმების ზრდის მიმართულებით. ბიზნესსექტორის ბრუნვა პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%ით გაიზარდა და 18 მილიარდი ლარი შეადგინა.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვის ზრდამ 20% შეადგინა. მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე და ეს ტენდენცია გაგრძელდება აუცილებლად. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ზრდის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იყოს მცირე და საშუალო ბიზნესში, ვინაიდან ეს მიმართულება ყველაზე მეტად აგრძნობინებს მოსახლეობის ფართო ფენებს ეკონომიკური ზრდის შედეგებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 17.1%- ით არის გაზრდილი მსხვილი საწარმოების ბრუნვა. მისი თქმით, ბიზნესსექტორში ბრუნვის ზრდა დასაქმებაზეც პოზიტიურად აისახა.
„2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5,3 %-ით გაიზარდა, მათ შორის, დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5,7%-ით გაიზარდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით არის გაზრდილი და დაახლოებით 1100 ლარს შეადგენს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გაზრდილია ასევე ტურიზმის კუთხით მაჩვენებელიც.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტურიზმის მზარდი ტენდენციები ყველაზე მეტად აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზე და რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეეცდება, რომ ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევა დახარჯოს. გვინარჩუნდება ის პოზიტიური ზრდა, რაც გვქონდა შარშან. ხუთ თვეში 23,5%-ით არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 28.4%-იანი ზრდა განიცადა ოთხი თვის განმავლობაში. ეს არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტულ კომპანიებზე ასახული პოზიტიური ტენდენციები“, - აღნიშნა პრემიერმა.