ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების - Tastingwork-ისა და Marq Energie Consulting - ორგანიზებით, ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, ჰიუსტონსა და პორტლენდში ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დეგუსტაციების პარალელურად გაიმართება სემინარები ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდებით დამზადებული ღვინოები.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, Tastingwork-ის ორგანიზებით დეგუსტაცია უკვე გაიმართა ნიუ-იორკში, სადაც Tastingwork-ის დამფუძნებელმა, ღვინის მაგისტრმა ლიზა გრანიკმა ქვევრის ღვინოზე სემინარი წაიკითხა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი როგორც მცირე მარნის, ისე დიდი კომპანიის ღვინოები.
11 ივნისს Tastingwork-ის ორგანიზებით დეგუსტაცია გაიმართება სან-ფრანცისკოში, ღვინის სკოლაში, ხოლო Marq Energie Consulting-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები 12 ივნისს პორტლენდში და 13 ივნისს ჰიუსტონში იგეგმება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული დეგუსტაციები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში.