"ბევრ კორპუსს გვერდით ბჯენები გაუკეთეს გასამაგრებლად და რაკეტას დაემსგავსა ავარიული კორპუსები. კი ამაგრებენ, მაგრამ დახრილი კედლები, გაჭედილი ფანჯრები იმავე მდგომარეობაში რჩება"
მაისში (21.05.2018) ვარკეთილის მესამე მასივში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი ერთეული შემთხვევა არ არის ავარიული შენობა-მიშენებებით მდიდარ თბილისში. ამ საკითხებზე საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს ჩვენი რესპონდენტი, მშენებელი ანა გოგბერაშვილი.
- დედაქალაქის ყველა უბანში კვლევა ჩავატარე, შევისწავლე, სად რა პრობლემაა. ქალაქში ბევრი ავარიული კორპუსია, როგორც ძველი აშენებული, ასევე უახლოეს წარსულში აგებულიც.
- რა იწვევს ამ პრობლემებს?
- ავარიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ გეოლოგიურ კვლევაში თავიდანვე შეცდომაა დაშვებული. არადა, ეს უმნიშვნელოვანესია.
- კომუნისტურ წარსულში კეთილსინდისიერად ატარებდნენ გეოლოგიურ კვლევას?
- იმ დროს მშენებლობაში იყენებდნენ მონოლითური რკინაბეტონის ასაწყობ კონსტრუქციებს. საკედლე და გადახურვის პანელები ხშირად ერთმანეთში ერეოდათ, რასაც არ მოსდევს მომაკვდინებელი შედეგი, მაგრამ, ბუნებრივია, კედელი და გადახურვა სხვადასხვა დატვირთვაზეა გათვლილი.
თბილისის ყველა უბანში საცხოვრებელი კორპუსების ავარიულობის ერთ-ერთი ფაქტორი ძველი კორპუსის მიმდებარედ დაწყებული ახალი მშენებლობებია, ფაქტობრივად, საძირკვლებს უთხრიან ძველ კორპუსებს.
ამას წინათ ვარკეთილში კორპუსი ჩამოინგრა. არ ვიცი, თავის დროზე რამდენად კეთილსინდისიერად ჩატარდა გეოლოგიური კვლევა, რადგან ვარკეთილის გრუნტმა შენობა-ნაგებობების მასობრივი ავარიულობა გამოიწვია, შენობები გადაიხარა.
ვარკეთილში ნაყარი გრუნტია. იქ ნახავთ ტიპურ პროექტებს, რომელიც სწორედ გრუნტის გამო 16-სართულის მაგივრად მშენებლობისას მე-8 ან მე-12 სართულზე შეაჩერეს და გადახურეს, რადგან მშენებლობის პროცესშივე გადაიხარა. თუმცა, შორიახლოს იმავე პროექტის 16-სართულიანიც დგას.
ახლობელი მეუბნებოდა, ვარკეთილში, ჩემს 9-სართულიანში (მოსკოვის პროექტით აშენებულ კორპუსში) ყველას ბინაში შესასვლელი კარები გაგვეჭედაო. მიზეზი აქაც ის არის, რომ შენობა გადახრილია. საერთოდ, ვარკეთილის კორპუსების 70% ავარიულია. ცოტა კორპუსი თუ არის კლდოვან გრუნტზე აგებული, უმრავლესობა ნაშალ გრუნტზე აიგო, მერე ამას დაემატა გრუნტის წყლები, სარდაფებში წყალი და შედეგიც სახეზეა. ნუცუბიძის პლატოზეც არაერთ კორპუსს შეხვდებით, რომელთაც გამაგრება სჭირდება.
საზოგადოდ მთელ თბილისშია გრუნტის წყლების პრობლემა, რაც თბილისის ზღვამ კიდევ უფრო გაზარდა. კორპუსების უმეტესობა, რომელთა სარდაფები მშრალად იყო, დღეს იქ ჩამდგარი წყლის გამო, ფაქტობრივად, გამოუყენებელია. ამასთან, მათ მიმდებარედ უამრავი ახალი შენობა გაჩნდა და გრუნტის წყლებმაც კალაპოტი შეიცვალა - უკონტროლო გახდა.
ახალი კორპუსების მშენებლობისას უამრავი ჰიდროსაიზოლაციო მასალის გამოყენება შეიძლება, რომელიც მიწისქვეშა სივრცეს წყალშეუღწევადს ხდის. დღეს თანამედროვე მშენებლობაში -1, -2 და -3 სართულებს ძალიან დიდი გამოყენება აქვთ. მე თუ მკითხავთ, ნებართვები არ უნდა გაიცეს ისეთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე, რომელსაც მინუს-სართულები არ ექნება ავტოფარეხად გამოყენებისთვის. ეს აუცილებელი გახდა მჭიდროდ განაშენიანებულ გარემოში, სადაც ზოგ ოჯახს 2 და მეტი ავტომანქანა ჰყავს.
- ძველ ავარიულ კორპუსებს რა ეშველება?
- ვინაიდან სახელმწიფოს არა აქვს სახსრები, რომ მოსახლეობა ბინებით დააკმაყოფილოს, იძულებული ხდება, არსებული შენობა-ნაგებობები გაამაგროს. ბევრ მათგანს გვერდით ბჯენები გაუკეთეს გასამაგრებლად და რაკეტას დაემსგავსა ავარიული კორპუსები. კი ამაგრებენ, მაგრამ დახრილი კედლები, გაჭედილი ფანჯრები იმავე მდგომარეობაში რჩება.
იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 11 ივნისის ნომერში