დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიღებული შემაჯამებელი კომუნიკეს ხელმოწერაზე უარს აცხადებს.
ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა. მიზეზი კი კანადის პრემიერის ჯასტინ ტრიუდოს პრესკონფერენცია გახდა, რომელზეც მან აშშ-ს მიერ კანადიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების ზრდა გააკრიტიკა.
„პირადი შეხვედრების დროს ჯასტინ ტრიუდო ძალიან რბილად იქცეოდა, ჩემი წასვლის შემდეგ კი პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ-ს მიერ ტარიფების ზრდა მისთვის შეურაცხმყოფელია და კანადას ვერავინ დაჩაგრავს. ეს ძალიან უღირსი და სუსტი საქციელია“, - დაწერა ტრამპმა.
თავის მხრივ, ტრიუდოს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კანადის პრემიერს ჟურნალისტებისთვის ისეთი არაფერი უთქვამს, რაზეც მანამდე ტრამპს არ ესაუბრა.
შეგახსენებთ, აშშ-მა ამერიკაში იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე 25-10%-იანი გადასახადი დააწესა, რამაც მის პარტნიორებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის, კანადაშიც.
„დიდი შვიდეულის“ სამიტი 8-9 ივნისს, კანადაში გაიმართა.
კოკა კვირკველია