ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ხორვატიაში, ქალაქ სპლიტში შეხვედრას 15 ქვეყნის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე ცენტრალური ბანკების მმართველები ესწრებიან. დელეგაციების წევრები გლობალური ეკონომიკის ტენდენციებსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნების პერსპექტივას განიხილავენ.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს გუნდთან ერთად იღებს მონაწილეობას.
"შეხვედრა არის ყოველწლიური, მას ესწრებიან ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკების ხელმძღვანელები. წლევანდელი შეხვედრების ძირითადი თემა არის ფინანსური ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული საკითხები. განიხილება ის მიმართულებები, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების გამოწვევებსა და იმ უპირატესობებს და შესაძლებლობებს ეხება, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება შექმნას. იმის გაზიარება ხდება, თუ რა გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანას ამ კუთხით. ამავე დროს, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად, არა მარტო ამ ქვეყნების ჯგუფის მიერ, არამედ ზოგადად, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობით ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.