სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი საწარმო, შპს "ტიფლის ტექსტილი" გაიხსნა. საწარმო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმისშვილმა გახსნა.
"დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალ საწარმოში, ეს არის "ტიფლის ტექსტილი", რომელიც შექმნილია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. მინდა დიდი სიამოვნებით აღვნიშნო, რომ კომპანიამ ისარგებლა ორი მხარდაჭერის პროგრამით - ეს არის ინფრასტრუქტურული მიმართულება, ასევე სესხის თანადაფინანსების კომპონენტი. ეს დახმარება იმ შედეგად ღირს, რომელსაც დღეს ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ ევროპის უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილ საწარმოს, რომელიც აწარმოებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდებს, რომელსაც აქვს უმაღლესი ხარისხი. ჯამურად განხორციელებულია 6 მლნ ლარის ოდენობით ინვესტიციები. პირველ ეტაპზე 50 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მეორე ეტაპზე სულ მცირე ერთი ამდენი დაემატება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე მისი ხარისხიდან გამომდინარე იქნება მოთხოვნადი და მეორე მხრივ, პროდუქცია განკუთვნილია ექსპორტისათვის და რა თქმა უნდა, ეს შეამცირებს ჩვენს საგადასახდელო ბალანსს და მეტ ვალუტას შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.