იტალიელ და ქართველ არქიტექტორებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოში იტალიელ და ქართველ არქიტექტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ერთი მხრივ, თბილისის საკრებულოს, მეორე მხრივ, იტალიურ კომპანიებს: "კინგ საიზ არქიტეკტს - მაურიციო ფავეტა", "გლამურ კამინიტი", "სტუდიო ლიპარინნი", "სტუდია მარკო პივა", "სტუდიო ლუკა სკაკეტი" და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის შეთანხმებას, რომ თითოეული მხარე, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოიყენებს ყველა საშუალებას და შესაძლო რესურსს, რათა ისტორიული კონტექსტისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვის გათვალისწინებით, შეიმუშავონ თბილისის ურბანული განვითარების ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპები.

მემორანდუმის თანახმად, კონკრეტულ სამუშაო პროგრამებზე შეთანხმების შემთხვევაში, თბილისის საკრებულო უზრუნველყოფს ტექნიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას. "კინგ საიზ არქიტეკტს - მაურიციო ფავეტა", "გლამურ კამინიტი", "სტუდიო ლიპარინნი", "სტუდია მარკო პივა", "სტუდიო ლუკა სკაკეტი" და საქართველოს არქიტექტორთა კავშირი კი, კონკრეტულ სამუშაო პროგრამებზე შეთანხმების შემთხვევაში, თბილისის ურბანული განვითარების ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპების შესამუშავებლად განახორციელებენ საკონსულტაციო, საექსპერტო და სხვა შესაბამის პროფესიულ საქმიანობას.

იტალიელი არქიტექტორის, მაურო ლიპარინის თქმით, ეს არ იქნება ის პროექტი, რომელსაც უბრალოდ ლამაზი შენობები დაამშვენებს, რადგან თბილისი ისტორიული ქალაქია და აუცილებელია მოხდეს ახლისა და ძველის სინთეზი.

ლიპარინის განცხადებით, პროცესში აუცილებლად მოხდება თბილისელების ჩართვაც.

იტალიელი არქიტექტორ-დიზაინერები საქართველოში თბილისის საკრებულოს მოწვევით იმყოფებიან და თბილისის განვითარების სტრატეგიული კონცეფციის მუშაობაში ქართველ არქიტექტორებთან ერთად იღებენ მონაწილეობას.