საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს შპს „ტიფლის ტექსტილი“ ოფიციალურად გახსნა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სარგებლობს.
დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, საწარმოს მუშაობას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი გაეცნო.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შპს „ტიფლის ტექსტილს“ საწარმოს ასაშენებლად თბილისში, 9492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და უფუნქციო იყო.
უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია „ტიფლის ტექსტილმა“ საწარმო თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თითქმის 190 000 ლარის თანადაფინანსება მოხდა სახელმწიფოს მხრიდან.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, წინდების მწარმოებელი საწარმო პროგრამის ორი კომპონენტით სარგებლობს - ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით.
„ეს დახმარება ღირს იმ შედეგად, რასაც დღეს ვხედავთ - ევროპის უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილ საწარმოს, რომელიც დღეს უკვე აწარმოებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვების წინდებს, რომელსაც აქვს უმაღლესი ხარისხი. დღეისთვის საწარმოში ჯამურად უკვე 6 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საწარმოში პირველ ეტაპზე უკვე 50 ადამიანია დასაქმებული, მეორე ეტაპზე კი სულ მცირე ამდენივე სამუშაო ადგილი დაემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ტიფლის ტექსტილის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი იქნება, გამომდინარე მისი ხარისხიდან და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია - პროდუქცია განკუთვნილია ექსპორტისთვის, რაც, რა თქმა უნდა, შეამცირებს ჩვენს საგადასახდელო ბალანსს და ქვეყანაში მეტ ვალუტას შემოიტანს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.