აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სანქციები რუსეთის სამ მოქალაქესა და ხუთ კომპანიას ეხება.
„დღეს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოურ აქტივებზე კონტროლის ოფისმა რუსეთის ხუთი კომპანია და რუსეთის სამი მოქალაქე იმ ჩამონათვალში დაამატა, რომელსაც #13694 ბრძანება ითვალისწინებს - „ცალკეულ პირთა ქონების ბლოკირება, რომლებიც დაკავშირებული არიან კიბერაქტიურ მუქარასთან“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
ინფორმაციის თანახმად, პირებმა და კომპანიებმა, რომელთა წინააღმდეგაც წესდება სანქციები, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ ბიუროს აღმოუჩინეს მხარდაჭერა.
ამერიკის მიერ სანქციები დაუწესდათ კომპანიებს: Digital Security, ERPScan, Embedi, Kvant Scientific Research Institute (Kvant) Divetechnoservices. ასევე მათ ხელმძღვანელებს ალექსანდრ ტრიბუნას, ოლეგ ჩირიკოვსა და ვლადიმერ კაგანსკის.
ცნობილია, რომ აპრილის დასაწყისში აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა 24 რუს ბიზნესმენსა და მაღალჩინოსანს, საფინანსო დაწესებულებებს, სახელმწიფო და კერძო კომპანიებს, რომლებიც კრემლთან არიან დაკავშირებული.