რუსთაველის გამზირზე კაფე - ლაღიძის წყლების ისტორიულ ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მიტროფანე ლაღიძის ოჯახს მთავრობიდან არავინ დაკავშირებია.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მიტროფანე ლაღიძის შთამომავალმა თორნიკე ლაღიძემ განუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ მათ არც მერიასთან და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან კავშირი არ ჰქონიათ.
„ჯერჯერობით ამ საკითხზე არავინ დაგვკავშირებია, არც მერიიდან და არც მთავრობიდან. ადრე კაფეს დაბრუნებას ნარმანიაც გვპირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ახლა კალაძეა, იმედი გვაქვს დაბრუნების, მაგრამ ამ დრომდე ეს საკითხი ისევ გაურკვეველია“, - განუცხდა „ბიზნესპრესნიუსს“ თორნიკე ლაღიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ თბილისის მერიასაც დაუკავშირდა. როგორც მერიაში განაცხადეს, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
ლაღიძის კაფეს ისტორიულ ადგილზე აღდგენის სურვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის ბოლოს გამოთქვა და თბილისის მერს, კახა კალაძეს საქმით დაინტერესება დაავალა.
„ვისურვებდი, რომ „ლაღიძის წყლები“ და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ", - განაცხადა მაშინ გიორგი კვირიკაშვილმა.
„ვიღებ ბატონი პრემიერის დავალებას ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ღირშესანიშნაობა დედაქალაქს დავუბრუნოთ. ამისთვის ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ“, - ასე უპასუხა თითქმის 6 თვის წინ კალაძემ კვირიკაშვილს.
რუსთაველის 24-ში არსებული ფართი, რომელშიც წლების განმავლობაში ლაღიძის წყლების დაგემოვნება იყო შესაძლებელი, შპს "ლინკოლნ მენეჯმენტი ჯორჯიას" საკუთრებაა. კომპანიას ყოფილი კაფის ორივე სართული (პირველი სართული და სარდაფი) გაქირავებული აქვს. ზედა სართულზე 130 კვ.მ.-ზე ამჟამად ტანსაცმლის მაღაზია Next-ია განთავსებული. ქვედა სართულზე კი კაფე "აჭარულები ლაღიძეზე" მდებარეობს, თუმცა, მას კავშირი მიტროფანე ლაღიძის ოჯახთან არ აქვს. ადგილზე კაფე 2014 წელს ვახტანგ ათაბეგაშვილმა გახსნა. მას ტერიტორია იჯარით 2019 წლამდე აქვს აღებული.