2018 წლის იანვარი-მაისში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 10.5 %-ით არის გაზრდილი
- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 57 919 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 5 500 ფრენით და 10.5%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე;
„ბოლო ხუთი თვის განმავლობაში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 41 925 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 246 ფრენით, ანუ 5.7% -ით მეტია. აფრენა - დაფრენის რაოდენობა კი 15 994-ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3 254 ფრენით, ანუ 25.5%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია იანვრიდან მაისის ჩათვლით 16 385 340 კმ-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 32 454 კმ-ით და 0,2%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე“, - აღნიშნულია „საქაერონავიგაციის“ მიერ გავრცელებულ სტატისტიკაში.
საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ. საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2017 წელს, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR, UKRAINE AIRLINES დაფიქსირდნენ.