პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და იძლევა კარგ შესაძლებლობას, ახალი ინვესტიციები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმოს, „ალუტექ ჯორჯიას“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
„მილიონნახევარი ლარის ინვესტიცია და ორმოცი ახალი სამუშაო ადგილი - ეს არის სწორედ საწარმო „ალუტექ ჯორჯია“, რომელიც აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიან ალუმინის კარ-ფანჯრებს. ჩვენ ვნახეთ ევროპული სტანდარტის საწარმო, რომელიც, პრაქტიკულად, თავიდან ბოლომდე ავტომატიზირებულია და მისი ხარისხი არის უმაღლესი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ასეთ პროექტებს ქმნის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ადამიანებს და კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ახალი ინვესტიციები განახორციელონ ჩვენს ქვეყანაში.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ალუტექ ჯორჯია“ ალუმინის პროფილისა და მზა კარ-ფანჯრების მწარმოებელი ახალი საწარმოა, რომელიც პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 499 000 ლარს შეადგენს. კომპანიის მიერ აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. საწარმო თბილისში, ქიზიყის ქ. #24-ში მდებარეობს.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ბაზრის მოთხოვნის მიხედვით, მომავალში წარმომადგენლობების გახსნას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავენ.
უწყების ცნობით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, უკვე მხარდაჭერილია 363 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 880 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით შეიქმნება 14 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
რაც შეეხება პროგრამის მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტს, მის ფარგლებში 2015-2017 წლებში მხარდაჭერილია 5 313 პროექტი და დაფინანსებულია 8 412 ბენეფიციარი. „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გაიცა 38 მლნ ლარზე მეტი. დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ ლარამდეა.