საქართველოს სატელიტურ ბაზარზე აბონენტთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა და 2017 წლის მონაცემებით, 562 000 მაყურებელს შეადგენს
- ამის შესახებ აღნიშნულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ 2017 წლის ბოლოს ჩატარებული სატელიტური ბაზრის კვლევის შედეგებში.
სატელიტურმა ოპერატორმა SES-იმ საქართველოში 2017 წლის ბოლოს ჩატარებული სატელიტური ბაზრის კვლევის შედეგები დღეს წარმოადგინა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში HD და UHD მაუწყებლობის ფორმატზე მოთხოვნა გაზრდილია. ამასთან, საქართველოში SES-ის მომხმარებელთა რაოდენობამაც 562 000 ოჯახს მიაღწია.
პრეზენტაცია კომპანია SES-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა, ჩრდილოეთ, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჰაკან სიოდინმა და ასევე, კომპანიის ბაზრის მკვლევარმა, უფროსმა ბიზნეს ანალიტიკოსმა რიკარდო ტოპჰემმა წარმოადგინეს.
SES-ის სატელიტური ბაზრის კვლევა, რომელიც ქვეყანაში პირველად 2015 წელს ჩატარდა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში კომპანიის წვდომა 562 000 ტელემაყურებელ ოჯახამდე გაიზარდა, რომელიც როგორც პირდაპირ (პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა), ისე არაპირდაპირ (საკაბელო და IP ტელევიზია) წვდომას მოიცავს. ეს წარმოადგენს 24%-იან ზრდას წინა წელთან შედარებით.
SES-ი უზრუნველყოფს დაახლოებით 132 000 ოჯახის მომსახურებას, რომლებიც სარგებლობენ მაგთისატის ტელევიზიის შეთავაზებით. შარშან მათი რიცხვი 124 000-ს შეადგენდა. დამატებით, კვლევის თანახმად, SES-ი საქართველოში მაღალი გარჩევადობის ტელევიზიით (HDTV) აღჭურვილი ოჯახების 34%-ს უწევს მომსახურებას.
SES-ის 2017 წლის ბოლოსთვის ჩატარებული სატელიტური ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს სატელევიზიო სიგნალის მიღების მთავარ საშუალებას საქართველოში, რომელსაც გააჩნია პირდაპირი წვდომა ოჯახების 44%-ზე, რაც შეადგენს პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობის (DTH) მქონე 480 000 ოჯახზე მეტს.
შედარებისთვის, სიგნალის მიღების სხვა საშუალებები შეადგენს: საკაბელო ტელევიზია -15%, სახმელეთო - 16% და IP ტელევიზია - 25%.
2015 წლის ივნისში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, ანალოგური სატელევიზიო სიგნალი სწრაფად შეიცვალა ციფრულით. მიმდინარე წლის გამოკითხვამ ცხადყო, რომ მხოლოდ 12 000 ქართული ოჯახი დარჩა ანალოგური საკაბელო ტელევიზიით აღჭურვილი, მაშინ როდესაც წინა წელს ასეთი ოჯახების რიცხვი 50 000-ს შეადგენდა.
კვლევის შედეგები ასევე გვიჩვენებს, რომ HD და UHD მაუწყებლობის ფორმატზე მოთხოვნა გაზრდილია. 2017 წლის მონაცემებით ოჯახების 48% ფლობს HD და UHD ტელევიზორს, რაც 2016 წელს 38%-ს წარმოადგენდა.
კვლევის თანახმად, SES-ის მთავარი როლი მდგომარეობს HD კონტენტის მიწოდებაში: დღეს SES-ი HD კონტენტს სთავაზობს 107 მილიონ ოჯახს, რაც შეადგენს ევროპის მასშტაბით HD ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების ორ-მესამედს. როგორც მთავარი HD პლატფორმა, SES-ი უზრუნველყოფს 7,709 არხიდან 2,602 HD არხის მიწოდებას მსოფლიო მასშტაბით. ევროპაში SES-ი ახდენს 2,670 სატელევიზიო არხის მიწოდებას, მათ შორის 798 HD ფორმატში.
"საქართველო გამოირჩევა ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით (97.4%) და სწორედ ამიტომ, ის წარმოადგენს ჩვენთვის მნიშვნელოვან განვითარებად ბაზარს. ჩვენ ვთვლით, რომ თანამგზავრი სატელევიზიო სიგნალის მიღების ოპტიმალური საშუალებაა ქვეყნისათვის, სადაც ბევრი გეოგრაფიულად მიუდგომელი ტერიტორიაა. სატელიტური კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს საქართველოს ციფრული სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის ცენტრალურ საყრდენს,"- განაცხადა SES-ის გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჰაკან სიოდინმა.