წელს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე 37 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

2014 წელს, საქართველოს მასშტაბით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე დაახლოებით 37 542 777 ლარი დაიხარჯება.

ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ დღეს სამინისტროში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს საგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო-სარეაბილიტაციო გეგმა გააცნო. მისი ინფორმაციით, 2014 წელს მოხდება 44 სკოლის გაზიფიცირება და 34 სკოლაში ახალი გათბობის სისტემა დამონტაჟდება.

"სარეაბილიტაციო სამუშაოებში შედის როგორც გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე გათბობის სისტემის მოწყობა და სკოლების გაზიფიცირება. როდესაც საუბარია პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციაზე, ეს მხოლოდ გადაუდებელი არ არის, ეს გულისხმობს, პროფესიული სასწავლებლების მოწყობას, სახელოსნოების აღდგენას, რომელიც საგანმანათლებლო პროცესში პროფსასწავლებლებს ძალიან ჭირდებათ", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, 2014 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება თბილისში - 43 საჯარო სკოლას. გარდა ამისა, თბილისში დაიწყება 3 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 3 პროფესიული სასწავლებელს.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა ქართლში - 24 საჯარო სკოლას; ქვემო ქართლში - 34 საჯარო სკოლას; მცხეთა-მთიანეთში - 6 საჯარო სკოლას; კახეთში - 21 საჯარო სკოლას; სამცხე ჯავახეთში - 28 საჯარო სკოლას და ერთ პროფესიულ სასწავლებელს; იმერეთში - 78 საჯარო სკოლას; გურიაში - 18 საჯარო სკოლას. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11 საჯარო სკოლასა და სამ პროფესიულ სასწავლებელს. სამეგრელო, ზემო სვანეთი/აფხაზეთში - 56 საჯარო სკოლასა და სამ პროფესიულ სასწავლებელს.

მინისტრის ინფორმაციით, 2014 წელს დაიწყება შემდეგი სკოლების მშენებლობა: გურია, ჩოხატაურის მუნიცილაპიტეტი, ზოტის სკოლა; გურია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, შუა ამაღლების სკოლა; იმერეთი, ვანის მუნიციპალიტეტი, ზედავანის სკოლა; სამცხე-ჯავახეთი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, არალის სკოლა; თბილისი, N61 სკოლა; თბილისი N103 სკოლა; თბილისი, N100 სკოლა. მათი სავარაუდო ღირებულებაა 36 718 990,38 ლარი.

როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით 9 ახალი საჯარო სკოლა შენდება: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში; ქარელის რაიონის სოფელ აბანოში; სოფელ ბუღაშენში; სოფელ ახალ დიოკნისში; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში; სოფელ მუხრანში; სოფელ სადგურ სვირში; სოფელ წიფნარში; სოფელ წილკანში.

მისივე ინფორმაციით, 2014 წელს დასრულდება 7 საჯარო სკოლა; 2015 წელს დასრულდება 6 საჯარო სკოლა; 2016 წელს დასრულდება 3 საჯარო სკოლა.

2014-2016 წლებში ახალი სკოლების მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 55 მილიონი ლარია.

ამასთან, როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს უწყვეტად აგრძელებს. მათივე ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოში რამდენიმე ასეული სკოლა გარემონტდება და ახალი სკოლები აშენდება.