თბილისში ორი ახალი პარკის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კერძოდ, საუბარია, დიღმის ჭალებსა და თემქის ხევზე. კალაძის განცხადებით, ამ ტერიტორიებზე პარკების მოსაწყობად შესაბამის კვლევაზე მუშაობას მერია უკვე იწყებს.
„მერია თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკის მოსაწყობად შესაბამის კვლევაზე მუშაობას იწყებს. კონკრეტულად ეს არის დიღმის ჭალების ტერიტორია, სადაც ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის მიზნით საინტერესო პროექტი განხორციელდება. მეორე ტერიტორია კი არის თემქის ხევი, რომლის გარშემოც დაახლოებით, 80 ათასი მოსახლეა და სარეკრეაციო სივრცის მოსაწყობად დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისი კვლევის მომზადებაზე მერია უკვე იწყებს მუშაობას, მათ შორის თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის პოტენციალის მიმართულებით,“-აღნიშნა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ ორივე ამ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი აქტიურად საუბრობდა. მათ შორის, თემქის ხევში პარკის მოწყობა, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა ჯერ კიდევ თბილისის წინა მთავრობას შესთავაზა. ამ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ მუშაობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო. 2017 წლის ზაფხულში კი დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანია მისი ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, რომ თემქის პარკის მონახაზი უკვე გაკეთებული იყო და პარკის პროექტი მომავალი წლისთვის მომზადდებოდა.