უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ყვითელი ავტობუსები, სამარშუტო ტაქსები და მათი გამონაბოლქვი.
„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვები. მხედველობაში მაქვს გამონაბოლქვი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში, ჩვენ ამ პროექტის განხორციელების ლოკომოტივი უნდა ვიყოთ. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზული პრობლემაა ასევე ე.წ. მარშუტკები, მათი გამონაბოლქვი და ზოგადად ძველი ავტომობილები. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარმოვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა გავაკეთოთ წლების მიხედვით, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.