არავის გვსიამოვნებს ის ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც დედაქალაქშია, ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომები , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ მასშტაბური პრობლემაა.
„მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის ეკოლოგია, რომელზეც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. არავის გვსიამოვნებს ის ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც არის დედაქალაქში. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ესაა საკმაოდ მასშტაბური პრობლემა. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომები, ასევე ის ნაბიჯები, რომლის გადადგმას ჩვენ ვაპირებთ. ესაა მცირე და საშუალო სკვერების მოწესრიგება, რომელზეც უკვე გამგეობები მუშაობთ და ახორციელებთ პროექტებს, ასევე, მნიშვნელოვანია არსებული საქალაქო პარკები, რომლებიც გაგვაჩნია - მათი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, რადგან მათი მდგომარეობა ნამდვილად არაა სახარბიელო. რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ასევე დაეხმარება პროექტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ და საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოყვა. ესაა ავტოფარეხები, რომელიც მართლაც სიმახინჯეა უბნებში - მათი დემონტაჟი, მათ ადგილზე კი პატარა სკვერების, მწვანე სივრცეების ან სპორტული მოედნების გაკეთება როგორც ამას მოსახლეობა გადაწყვეტს“, - განაცხადა კალაძემ.