თბილისის მერია ორი დიდი პარკის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც მერის მოადილემ მაია ბითაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პარკების განახლება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
"მიმდინარე წელს ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია იწყება - ე.წ. წურწუმიას პარკის, რომელიც მოძველებული და ამორტიზებული იყო და ასევე იწყება "წითელი პარკის", გოძიაშვილის პარკის სრული რეაბილიტაცია. ორივე შემთხვევაში წარმოდგენილია ძალიან კარგი პროექტები და ვფიქრობთ, თბილისელებს ამ ორი დიდი, განახლებული პარკით სარგებლობის საშუალება წლის ბოლოდან ექნებათ. რაც შეეხება სხვა დიდი პარკების პროექტების მომზადებას, მუშაობას უკვე დავიწყებთ და მომავალი წლიდან დავიწყებთ მშენებლობის პროცესს",- განაცხადა მაია ბითაძემ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვ.გოძიაშვილის სახელობის პარკის კეთილმოწყობაზე გამოცხადებული ტენდერის თანახმად, წინადადებების მიღება 20 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 497 152 ლარია.
რაც შეეხება წურწუმიას ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებულ სკვერს, ტენდერში გამარჯვებულ „გრინსერვისი+“-სთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სატენდერო პირობების თანახმად, სკვერის აღდგენა-მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 339 368 ლარი იყო, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 319 951.39 ლარია.
ამასთან, თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანის მე-6 მიკრორაიონში ახალი პარკის მშენებლობის დაწყებაც დაანონსა, რომელიც 3 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს. ამ მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და როგორც ბიზნესპრესნიუსი წერდა, სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 057 544 ლარია.