ნოდარ ხადურმა ჰააგაში შეხვედრები გამართა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჰააგაში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ხადურმა ჰააგაში ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, ხადური მოლდოვას ფინანსთა მინისტრს, ანატოლი არაპუს, ასევე მოლდოვას ეროვნული ბანკის მმართველს დორინ დრეგუცანუს შეხვდა. მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

"როგორც აღინიშნა, დაჩქარდება მუშაობა ჩვენს ქვეყნებს შორის "ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" ხელშეკრულებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში, ნოდარ ხადური ასევე ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. მათ შორის, უკრაინელ და სომეხ კოლეგებს, ასევე ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა მინისტრს იერონ დისელბლომს. შეხვედრებზე რეგიონში არსებულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

"ნიდერლანდების მხარესთან ასევე განხილვის თემა იყო საქართველოსა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მომავალი ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობას ითვალისწინებს. მათ შორისაა, საჯარო ფინანსების მართვა, საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფა, შიდა ფინანსური კონტროლი, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე სხვადასხვა ტიპის სწავლებისა და სემინარების ორგანიზება", - განმარტავენ სამინისტროში.

სამინისტროს განცხადებით, ხადური ნიდერლანდების სამეფოს დედოფალს შეხვდა. წლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას დედოფალმა მაქსიმამ ყურადღება ინკლუზიური ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ასევე შედგა შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტთან, დიმიტრის ციცირაგოსთან, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებთან.