ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და გულისხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას.
იგი ქართველ მეწარმეებს საშუალებას აძლევს გათავისუფლდნენ საბაჟო ტარიფებისაგან და ცალკეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიაწოდონ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის მოქალაქეებს.
საქართველოს ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს და სხვადასხვა სამეურნეო დარგების განვითარება, მნიშვნელოვნად გაზრდიდა ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას. ამ შეფასებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ საქართველოდან ბევრ კომპანიას უკვე აქვს ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტირების გამოცდილება.
მათ შორისაა თხილის მწარმოებელ-რეალიზატორი შპს "ქესკია", საოჯახო მეურნეობა, რომელიც 1996 წლიდან მისდევს ფერმერულ საქმიანობას და მისი კლიენტების სიაში უკვე არიან კომპანიები - ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან.
"ქესკიას" ერთ-ერთი მფლობელის, მარიამ კოდუას თქმით, იმ მოთხოვნების ჩამონათვალში, რომელთა დაკმაყოფილებაც ექსპორტიორებს ევალებათ, შედის ძირითადად ფიტოსანიტარული, ჰიგიენური, უსაფრთხოებისა და ხარისხიანობის მაჩვენებლები.
„მაგალითად, თხილის შემთხვევაში, ყურადღება ექცევა მის პარამეტრებს/ზომას, ასევე ტენიანობას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა პროდუქტის უვნებლობა, რომელზეც ცნობას სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს. ამასთანავე, პროდუქცია არ უნდა იყოს დაბინძურებული უცხო მინერალებისგან, მწერებისგან, არ უნდა შეიცავდეს ტოქსინებს და ა.შ." - ამბობს კოდუა.
კითხვაზე, რამდენად ხარჯეფექტურია ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, ახალგაზრდა ფერმერმა გვითხრა, რომ ექსპორტირების ძირითადი ხარჯი ფიტოსანიტარული სერტიფიკატის აღებას უკავშირდება, ცალკეულ შემთხვევებში კი, კლიენტის მოთხოვნის არსებობისას, ლაბორატორიული შემოწმების ჩატარებას. მისი თქმით, ევროკავშირის ბაზრის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სტაბილურია, სხვა, თუნდაც რუსული ბაზრისგან განსხვავებით და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სამართლებრივი დავა უფრო გამჭვირვალე და სანდოა.
საკუთარი გამოცდილებიდან, მარიამ კოდუა დამწყებ და გამოცდილ მეწარმეებს ურჩევს, ევროკავშირის ბაზარზე კლიენტების მოსაძიებლად გამოიყენონ სხვადასხვა საშუალებები, იქნება ეს ინტერნეტსაიტები თუ გამოფენები.
„არსებობს სხვადასხვა სარეკლამო გვერდები, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ ინფორმაცია საკუთარი კომპანიის შესახებ. თავად აქტიურად ვათავსებთ ინფორმაციას alibaba.com-ზე, LinkedIn-ზე. ასევე, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ექსპორტიორთა საერთაშორისო ასოციაციაში. თუმცა ყველაზე ეფექტური მაინც გამოფენებში მონაწილეობაა“ - ამბობს მარიამი.
რაც შეეხება, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ევროკავშირის ბაზარზე, ამ ეტაპზე, ქართული თხილის უპირატესობა არის ის რომ 50 ცენტით იაფია თურქულთან შედარებით, თუმცა ხარისხობრივი თვალსაზრისით, კვლავ საჭიროებს გაუმჯობესებას.
კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ქართული ხილის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელია, კივის მიმწოდებელი კომპანიის - შპს ნერგეტას მიერ გერმანული ბაზრის ათვისებაა. კომპანიის თანადამფუძნებლის, რომეო ჯაფავას ინფორმაციით, ქართული კივი უკვე 5 წელია Lidl-ის სუპერმარკეტების ქსელში იკავებს ადგილს და დიდი მოწონებითაც სარგებლობს. მისი თქმით, იმისათვის რომ, ფერმერმა შეძლოს ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, ერთ-ერთი მოთხოვნაა GLOBAL G.A.P-ის სერტიფიკატის ფლობა. ამ უკანასკნელის მისაღებად „ნერგეტამ“ საქართველოში მოიწვია ევროპული კომპანია, რომელმაც უზრუნველყო ხილის ხარისხისა და უვნებლობის შემოწმება. იხილეთ გაგრძელება