კახა კალაძე - „მზიურის“ პარკი ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორიას დაუკავშირდება და ქალაქში ერთიანი საპარკო სივრცე გაჩნდება

„მზიურის“ პარკი ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორიას დაუკავშირდება და ქალაქში ერთიანი საპარკო სივრცე გაჩნდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა და დენდროლოგიურ პარკთან ერთიან სივრცეში განთავსდება.

„ზოოპარკის გადატანა წინა მერის პირობებში დაიწყო თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის ახლოს. ჩვენ მას განვიხილავთ ერთიან კონტექსტში, დენდროლოგიური პარკის მოწყობა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, ასევე ზოოპარკის კეთილმოწყობაც. ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია გვინდა „მზიურის“ პარკს დავუკავშიროთ და გახდეს ერთიანი საპარკო სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში იქნება განთავსებული",- განაცხადა კალაძემ.